ახალი ამბები

ჩუღურეთში, ფიროსმანის ქუჩაზე „ბასლეინი“ დაიხაზა

31 მაისი, 2022 • 1341
ჩუღურეთში, ფიროსმანის ქუჩაზე „ბასლეინი“ დაიხაზა

თბილისში, ჩუღურეთში, ნიკო ფიროსმანის ქუჩის ორ მონაკვეთზე წუხელ საავტობუსე ზოლი („ბასლეინი“) დაიხაზა.

ნიკო ფიროსმანის ქუჩა, – რომლის სიგრძეც დაახლოებით 550 მეტრია, – ავტომობილებისთვის ნაწილობრივ ცალმხრივია.

კერძოდ, მანქანებისთვის დაშვებულია ქუჩის დასაწყისიდან [მალაკნების მოედნიდან] სადგურის მოედნის მიმართულებით, ქუჩის სრულ სიგრძეზე ცალმხრივად გადაადგილება.

ამასთან, იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც ფიროსმანზე ფოცხვერაშვილის ქუჩის მხრიდან ხვდებიან, ორმხრივად მოძრაობა დაშვებულია კონსტიტუციის ქუჩის კვეთამდე,  შემდეგ კი ქუჩა კვლავ ცალმხრივდება.

კონსტიტუციის ქუჩის კვეთა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი გადაადგილდება სადგურის მოედნიდან მალაკნების მოედნის მიმართულებით.

ბასლეინი დაიხაზა:

  1. სადგურის მოედნიდან ფიროსმანზე შესახვევიდან კოტე ფოცხვერაშვილის ქუჩის კვეთამდე (გაზგასამართ სადგურამდე);
  2. კონსტიტუციის ქუჩის კვეთიდან მალაკნების მოედნამდე (ჯამში, დაახლოებით 320 მ-ის სიგრძეზე).

ყვითლად – ბასლეინი, შავად – საავტომობილო ხაზი

იმის მიუხედავად, რომ ავტომობილები და ავტობუსები სხვადასხვა ზოლში, ურთიერთსაპირისპიროდ მოძრაობდნენ, ავტობუსის ზოლი გამოყოფილი არ ყოფილა; იმის გამო, რომ ავტომობილები მეორე ზოლშიც გადადიოდნენ, ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა.

“მალე იქნება ახალი ბასლეინები”

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ 4 ივნისიდან რიგ მარშრუტებზე დაგეგმილია ავტობუსების და მიკროავტობუსების დამატება, ხოლო იმ ხაზებზე, სადაც მზავრთა ნაკადი მაღალია, მიკროავტობუსები ავტობუსებით ჩანაცვლდება.

მისი თქმით, 10 ძირითადი საავტობუსე დერეფნის ფარგლებში, ამ ზაფხულს დაიწყება ავტობუსების ზოლების მოწყობა:

  • თამარ მეფის გამზირზე
  • თამარაშვილის ქუჩასა და
  • დიდ დიღომში (რამდენიმე ქუჩაზე)

ვრცლად ამ საკითხებზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი