ახალი ამბები

ორმხრივი „ბასლეინი“, „ზებრები“ ფილარმონიასთან – Რა იცვლება მელიქიშვილზე

18 მაისი, 2022 • 8854
ორმხრივი „ბასლეინი“, „ზებრები“ ფილარმონიასთან – Რა იცვლება მელიქიშვილზე

თბილისის მერიის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისის პირველ რიცხვებში დაიწყება და ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მელიქიშვილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც შეიცვლება.

ორმხრივი „ბასლეინი“

ამჟამად მელიქიშვილის ქუჩის მხოლოდ ცალმხრივად, – ვაკიდან ვერის მიმართულებით, – არის დაშვებული მოძრაობა როგორც ავტომობილებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. მარჯვენა მხარეს დახაზულია ერთი საავტობუსე ზოლი („ბასლეინი“), ავტომობილებისთვის კი 4 ზოლია განკუთვნილი.

ცვლილებების შემდეგ, გეგმის თანახმად, მელიქიშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივი გახდება. დაიხაზება მეორე „ბასლეინიც“ („ბასლეინები“ ქუჩის კიდეში დაიხაზება და არა შუაში, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე). საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი დარჩება, – ავტომობილებს სამ ზოლში მოუწევთ გადაადგილება.

ცვლილებების შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც რუსთაველის („ზემელის“) მიმართულებიდან ვაკეში (ან ვაკის გავლით) გადაადგილდება, აღარ ჩავა გმირთა მოედნისკენ და შემდეგ არც ვარაზისხევზე ასვლა მოუწევს, – იგი პირდაპირ, საავტობუსე ზოლით გაემართება ვაკის მიმართულებით.

რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ ძველ გზას გააგრძელებს ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ყველა სხვა მიმართულებით გადაადგილდება, – გმირთა მოედნის გავლით საბურთალოზე ან თამარ მეფის ხიდისკენ (და იქიდან სადგურის მოედნის, გლდანის თუ სხვა მიმართულებებით).

მელიქიშვილიდან ჩამომავალ ავტომობილებს ძველებურად შეეძლებათ გმირთა მოედნისკენ ჩახვევა. მათ მოუწევთ საავტობუსე ზოლის, ახალი „ზებრისა“ და ველობილიკის გადაკვეთა.

მარცხენა მოხვევა ჭოველიძეზე

კიდევ ერთი ცვლილება კერძო ავტომობილის მძღოლებისთვის იქნება ფილარმონიის წინ წრიული მოძრაობის ცალმხრივი გაუქმება.

ამჟამად რუსთაველის გამზირიდან მიმავალ ავტომობილებს შეუძლიათ, ფილარმონიის წინ მარცხნივ წრიული მოძრაობით მოუხვიონ და, ერთი მხრივ, რუსთაველზე დაბრუნდნენ, ან ჭოველიძის ქუჩით ვერის ზედა ნაწილში გადავიდნენ.

თუმცა რენდერზე ჩანს, რომ იმ ადგილას, სადაც ამჟამად მოსახვევი სივრცეა, ერთგვარი „კუნძულია“ გათვალისწინებული, სადაც ავტობუსის გაჩერება და ძელსკამები უნდა მოეწყოს და რომელიც უნდა გამწვანდეს.

წყარო: google maps/მერია

ამის სანაცვლოდ, ჭოველიძეზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება პირდაპირ კოსტავას ქუჩიდან (რუსთაველის გაგრძელებიდან) მარცხენა მოხვევით, უშუალოდ ჭოველიძის ქუჩასთან.

შუქნიშანი აქაც უნდა დამონტაჟდეს.

ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ მერიაში დაუდასტურეს.

წყარო: თბილისის მერია

„ზებრა“ გადასასვლელები, შუქნიშნები და ველობილიკი

მერიის რენდერის თანახმად, ქვეითებისთვის ახალი „ზებრა“ გადასასვლელები უნდა დაიხაზოს, რის შემდეგაც:

  • ჭოველიძის ქუჩიდან კოსტავაზე ჩამოსული პირებისთვის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადასვლა მიწისქვეშა გადასასვლელების გარეშე იქნება შესაძლებელი;
  • 51-ე სკოლის წინ დახაზული ზებრა გადასასვლელით ტროტუარი დაუკავშირდება ჯერ ავტობუსების გაჩერების ახალ კუნძულს, მისი გავლით კი მეორე კუნძულს და შემდეგ ვერის ბაღს;
  • ცენტრალურ ქუჩაზე დაიხაზება სამი ახალი „ზებრა“ გადასასვლელი და სამივე მათგანთან დამონტაჟდება შუქნიშანი;

ამასთან, იგეგმება ველობილიკის დახაზვაც, რის შემდეგაც ველოსიპედისტებს მელიქიშვილიდან მოპირდაპირე მხარეს მოხვედრა მიწისქვეშა გადასასლელში ველოსიპედის ხელით ჩატანით აღარ მოუწევთ.

პარკირების საკითხი

კიდევ ერთი ცვლილება არის ვერის ბაღის წინ არსებული [ფაქტობრივი] საპარკინგე ადგილების შემცირება.

ახალი კუნძული, რომელიც ვერის ბაღის წინ იქნება, შეამცირებს პარკირების ადგილებს და იქ მხოლოდ 10-მდე ავტომობილის გაჩერების შესაძლებლობა იქნება. სავარაუდოდ, აქაც იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება.

ამ ადგილას ამჟამად ხშირად რამდენიმე ზოლად არიან ხოლმე ავტომობილები გაჩერებულები.

კომუნიკაციები

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს: თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იგეგმება:

  • მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მთლიანად შეცვლა;
  • მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა;
  • მიწისქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები;
  • დამონტაჟდება ახალი ბოძები თანამედროვე „ლედ“ ტიპის სანათებით;
  • დაიგება ასფალტის ახალი საფარი;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი გზის სავალი ნაწილისგან გამოიყოფა
  • მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი;
  • დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები;

საპროექტო დოკუმენტაციით თანახმად, რეაბილიტაცია 120 კალენდარულ დღეში, ანუ 4 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ „სრული სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება“, – ოდნავ გვიან.

ამასთან, საპროექტო ორგანიზაცია მშენებელს რეკომენდაციას უწევს, რომ სამშენებლო სამუშაოები სამ ცვლაში აწარმოოს (იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების რეკონსტრუქცია 3-7 მ-ის სიღრმეზე მდებარეობს და მეტი ხნით გადაკეტვა არ არის რეკომენდირებული).

სანამ მელიქიშვილი გადაკეტილია

იმის გამო, რომ სულ მცირე, ივნისი-ნოემბრის პერიოდში, მელიქიშვილის ქუჩა სრულიად ჩაიკეტება, მოძრაობის სქემაში შედის დროებითი ცვლილებები. კერძოდ:

ვარაზისხევსა და კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით იქნება დაშვებული.

ჯერჯერობით მერიას არ დაუზუსტებია მოძრაობის ტრაექტორია, თუმცა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ მომდევნო დღეებში ეს დეტალები ცნობილი გახდება.

„ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის ქალაქში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. უამრავი პრობლემა გვაქვს, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება“, – განაცხადა კალაძემ.

ტენდერი და კომპანია

თბილისის მერიამ 2022 წლის იანვარში გამოაცხადა ტენდერი მელიქიშვილის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ფილარმონიის წინ მოედნის რეაბილიტაციის მიზნით.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6,5 მლნ ლარი იყო. ტენდერში 2-მა კომპანიამ („დინ გრუპი“ და „ბი-ემ-სი“) მიიღო მონაწილეობა, ხელშეკრულება კი საბოლოოდ გაფორმდა B.M.C-სთან („ბი-ემ-სი“) 6.388 მლნ ლარზე (იგი კონკურენტზე ნაკლებ თანხას სთავაზობდა მერიას).

„ბი-ემ-სი“ სამეწარმეო რეესტრში 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 50-50 პროცენტს ლევან ჩალაძე და პავლე ხაჩიძე ფლობენ.

სატრანსპორტო დერეფანი

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის „გაორმხრივებული“ მელიქიშვილის ქუჩა იქნება 10, ჯერ დაუსრულებელი ძირითადი საავტობუსე დერეფნის განახლებული ნაწილი, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამზირის ერთგვარი გაგრძელება იქნება.

ამჟამად მიმდინარეობს ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციაც.

ამ ორი პროექტის დასრულების შემდეგ, მერიის გეგმის თანახმად, რიგს ელოდება ვაჟა-ფშაველასა და აკაკი წერეთლის გამზირები, თუმცა მათი რეაბილიტაციის/მათზე ბასლეინების დახაზვის დრო ჯერ დაზუსტებული არ არის.

ვრცლად ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი