საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ 12 ნოემბერს გამართულ სხდომაზე დააყენა ინიციატივები 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილებაზე.
„შემომაქვს ეს მიმდინარე საკითხი, ეს ყოველი წლის ბოლოს ხდება ხოლმე, ეხება ფინანსებს. ეს არის ჩვენი სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტის განკარგვის წესის შესახებ, იქ არის გარკვეული ნაშთი. ჩვენ შარშანაც ეს განვკარგეთ და მე გთავაზობთ ასეთი განკარგვის წესს, ახლაც არის გარკვეული ტიპის ნაშთი. პირველი, მე გთავაზობთ, რომ იმ ნაშთიდან, 207 000 ლარი [დოკუმენტში გაწერილია 207 314 ლარი] გადაეცეს აჭარის ტელევიზიას, თანამშრომლების წახალისების კუთხით, ხოლო 200 000 საქართველოს პირველ არხს“, – თქვა ვასილ მაღლაფერიძემ.
მაღლაფერიძე კმაყოფილია წელს აჭარის ტელევიზიის „მიღწევებით“. მან თქვა, რომ კომპანიამ ნამდვილად „ძლიერი სასტარტო პირობები შექმნეს განვითარებისთვის“.
ბიუჯეტის ნაშთის ამ ტიპით განაწილებაზე პრეტენზია გამოთქვეს ლიკა ბასილაია-შავგულიძემ და ლაშა ტუღუშმა. მათი განცხადებით, ამ საკითხებზე მათ წერილობით წინასწარ არ შეატყობინეს, რაც კანონის დარღვევაა.
ტუღუშმა მაღლაფერიძეს შესთავაზა საკითხის უკან გატანა და შემდგომში კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით შემოტანა სხდომაზე. ტუღუშმა და ლიკა-ბასილაია შავგულიძემ მოგვიანებით სხდომა საერთოდ დატოვეს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის“ გადაცემული 207 314 ლარიდან სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორზე დამატებით გაიცემა 1 თვის ოდენობის შესაბამისი ანაზღაურება.
მაღლაფერიძის ინიციატივითვე, სამეურვეო საბჭოს წევრები ერთი თვის ჰონორარებს დამატებით წელსაც აიღებენ – ერთჯერადად დამატებით ერთი თვის ოდენობის ჰონორარი საბჭოს 10 წევრზე გაიცემა.
ცვლილება შევიდა სამეურვეო საბჭოს რეგლამენტში და განისაზღვრა, რომ ნოემბერში:
- საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი იქნება 10 898 ლარი (დარიცხული);
- სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის – 8 403 (დარიცხული);
- მეურვის – 7 521 ლარი (დარიცხული).
ასევე ნოემბერში ერთი თვის ოდენობის შესაბამისი ანაზღაურება დამატებით გაიცემა სამეურვეო საბჭოს აპარატის თანამშრომლებზეც – აპარატის უფროსზე და უფროს სპეციალისტზე.
