ახალი ამბები

პროტესტი ფოთში – მოსახლეობის ნაწილმა ნავსადგურის გზა გადაკეტა

23 მაისი, 2022 • 1713
პროტესტი ფოთში – მოსახლეობის ნაწილმა ნავსადგურის გზა გადაკეტა

ფოთში, სანაპირო ზოლის სიახლოვეს, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე 2 კორპუსის მცხოვრები მოქალაქეები მეორე დღეა, საპროტესტო დემონსტრაციას მართავენ.

აქცია 23 მაისს, კვირა დილით დაიწყო. დემონსტრანტებმა ნავსადგურამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს, რის გამოც არაერთი ტრაილერი ვერ გადაადგილდება და გაჩერებულია.

პოლიციამ მათ დაშლისკენ მოუწოდა, ასევე, შეთავაზა აქციის მერიის წინ გადატანა, თუმცა აქცია იმავე ადგილას გრძელდება.

დემონსტრანტების ნაწილმა ქუჩაში გაათენა კვირა ღამე. აქცია ამ დრომდე გრძელდება. ისინი ჯერჯერობით დაშლას არ გეგმავენ.

რას აპროტესტებენ დემონსტრანტები?

დემონსტრანტების თანახმად, ისინი ქუჩაში იდგებიან, სანამ მთავრობა კონკრეტულ პასუხს არ გასცემს და ეკოლოგიური ვითარების მოგვარების კონკრეტულ ინიციატივებს არ წარადგენს.

ადგილობრივი ორგანიზაციის, „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“, ცნობით, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა უკვე მრავალი წელია ჰაერის დაბინძურებასა და ხმაურს აპროტესტებს, რასაც ნავსადგური და ტერმინალი „პეისი“ (PACE) უქმნით ნაყარი ტვირთების ღია წესით გადამუშავების გამო.

„ნაყარი ტვირთის გადამუშავების სტანდარტია დარღვეული, რის გამოც გაუსაძლისი მტვერი დგება ამ ტერიტორიაზე. მტვერს კი ემატება ხმაური და ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვით. 10 წუთით გაჩერებაც [კი შეუძლებელია]“, – ეუბნება „ნეტგაზეთს“ ორგანიზაციის, „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“, დამფუძნებელი, ელისო ჯანაშია.

მისი თქმითვე, მოსახლეობა ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩივის, და კვლევებიც უჩვენებს, რომ ბავშვების უმრავლესობას ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაცია აქვთ სისხლში.

ელისო ჯანაშიას ცნობით, მოსახლეობა ითხოვს, მთავრობისგან კონკრეტული დაპირებები მიიღონ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად არსებულ ვითარებას აპროტესტებენ ჯავახიშვილის ქუჩის 30-32 ნომერში მდებარე ორი 5-სართულიანი კორპუსის მცოვრებლები, – 100-მდე ოჯახი; თითოეული მათგანი კი კომპენსაციის სახით 70 000 დოლარს ითხოვს, რათა სხვაგან გადასახლება მოახერხონ.

კონტექსტი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ ფოთის მოსახლეობა წლების განმავლობაში აპროტესტებს ქალაქში (ძირითადად საწარმოო და ნავსადგურის ზონებში) არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ვითარებას – ჰაერის დაბინძურებას, არასასიამოვნო სუნსა და ხმაურს, რომლის წყაროებიც ნავსადგური, საწარმოები და ნაყარი ტვირთების ღია წესით გადამუშავება, ასევე საავტომობილო გამონაბოლქვია.

ორგანიზაციის განცხადებით, ჰაერი ბინძურდება როგორც მტვრითა და ჭვარტლით, ისე მძიმე ლითონებით, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლების, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს.

Ფოტოზე გამოსახულია ფოთის ის საწარმოები, რომლებიც საცხოვრებელი უბნების სიახლოვეს ფუნქციონირებენ ამჟამად. წყარო: „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მთავრობას მოუწოდებს:

  • „უზრუნველყოს ქალაქში ჰაერის დაბინძურების წყაროების, მასშტაბისა და დაბინძურების სიმწვავის სრულყოფილი იდენტიფიცირება (მათ შორის ჯავახიშვილის ქუჩაზე დამონტაჟებული ჰაერის მზომის შეკეთების გზით) და ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება;
  • სრულყოფილად შეისწავლოს ქალაქში ჯანმრთელობის დაზიანების მასშტაბი, ამ მიზნით ჩაატაროს ახალი, სრულყოფილი ეპიდემიოლოგიური კვლევა და ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას;
  • უზრუნველყოს გარემოს დაბინძურებასა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება, მათი სათანადო სანქცირება და მოთხოვნის შემთხვევაში, მოსახლეობის სამართლიანი კომპენსირება“.

გარეკანის ფოტო: „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი