ახალი ამბები

სასამართლომ სოლოლაკში სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა

20 მაისი, 2022 •
სასამართლომ სოლოლაკში სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, სოლოლაკის ისტორიულ უბანში, დიდი სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა. ინფორმაციას ავრცელებს “გარემოსდაცვითი მოკვლევის ცენტრი” რომელიც სასამართლოს აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების შეჩერებას სთხოვდა.

საუბარია შვიდსართულიან სასტუმროზე, რომელსაც  კომპანია “ოლდ სითი გრუპი” ლადო ასათიანის №22-ში აშენებს.

“გარემოსდაცვითი მოკვლევის ცენტრის” თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით, შეჩერებულია სასტუმროს მშენებლობის ნებართვა და მასთან დაკავშირებული ყველა ბრძანება და გადაწყვეტილება.

სასამართლო ახსენებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის რუკას, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთი, რომელზეც სასტუმრო შენდება, მდებარეობს ამავე ქუჩის №15, 16, 18 და 24-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მომინჯნავედ და ექცევა აღნიშნული ძეგლების ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში.

“გარემოსდაცვითი მოკვლევის ცენტრის” თქმით, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი დეტალურად ადგენს ასეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში ნებისმიერი საქმიანობისა და მშენებლობის წესებსა და ინსტრუქციებს:

“სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ბუფერული ზონების დანიშნულება არის ძეგლების ფიზიკური მდგომარეობისა და მათი მიმდებარე ტერიტორიისა და ხედების კულტურული მთლიანობის დაცვა.

სასამართლოს განჩინების თანახმად, არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ პროექტის მშენებლობა და სხვა ნებართვები არღვევდეს ბუფერულ ზონებთან [დაკავშირებით] კანონის მოთხოვნებს და სერიოზული რისკის ქვეშ აყენებდეს მიმდებარე ისტორიულ ძეგლებს”, — დასძენს ორგანიზაცია.

სამშენებლო პროექტის შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ არის საბოლოო. ეს არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ აღძრული საქმის არსებითად გადაწყვეტამდე აჩერებს შესაბამის ნებართვებს და ადგილზე მიმდინარე ყველა მშენებლობას.

ამასთან, მოპასუხეს გააჩნია აღნიშნული განჩინების გასაჩივრების უფლება.

“ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საქართველოში სასამართლოს მიერ სახელმწიფო ორგანოებს წინააღმდეგ აკრძალვითი ღონისძიებების გამოყენება იშვიათია, განსაკუთრებით კი დეველოპერთა ინტერესების საწინააღმდეგოდ”, — ამბობს თედ ჯონასი, “გარემოსდაცვითი მოკვლევის ცენტრის” დირექტორი.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს სასამართლოს განმარტებას, რომ ნებისმიერი პირი უფლებამოსილია, კულტურული ძეგლების დასაცავად სარჩელით მიმართოს სასამართლოს და განახორციელოს ნებისმიერი სხვა საჭირო ქმედება.

“სასამართლოს [ეს] მსჯელობა… მნიშვნელოვანია საქართველოში გარემოსდაცვითი და კულტურული მიმართულებით არსებული კანონმდებლობის განვითარებისათვის.

მისასალმებელია სასამართლოს გულმოდგინედ შესრულებული სამუშაო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოჩენილი გამბედაობა”, — ამატებს ჯონასი.

“ოლდ სითი გრუპი”-ის დირექტორი გიორგი თავდიშვილი “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ კომპანია ხსენებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

“თვითონ შეჩერება, ერთი მხრივ, მატერიალურად გვაზარალებს ჩვენ ყველანაირად და მეორე მხრივ, ქვაბულის, ღიობის ასე დატოვება საფრთხისშემცველია”, — დასძენს ის.

მისივე სიტყვებით, “იქ, სადაც ქვაბულია გაკეთებული, მასთან არანაირი ძეგლი არ არის”.

‘ამის გარდა, ზუსტად ამ პროცესების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, არის ისტორიული ძეგლი თუ არ არის, მთელი ქვაბულის პერიმეტრზე გაკეთებულია ე.წ. ხიმინჯები, რაც სრულად ამაგრებს კედლებს, რომ არ ჩამოიშალოს გზა ან რაიმე ხიფათი არ შეექმნათ მიმდებარე ნაგებობებს”, — აღნიშნავს ის.

შპს “ოლდ სითი გრუპი” 2018 წელს დარეგისტრირდა. მანამდე,  2016 წელს, მისმა “ქართულ ოცნებას” 60 000-60 000 ლარი შესწირა, 2018 წელს კი ერთ-ერთმა მათგანმა ისევ 60 000 გაიღო იმხანად პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის.

ადგილზე, სადაც კომპანია სასტუმროს აშენებს, იდგა ძეგლის სტატუსის არმქონე სახლი, რომელიც 2019 წელს, მერიის ნებართვით დაანგრიეს. აღნიშნული სახლის ქვეშ შემორჩენილი იყო თაღოვანი სარდაფი, რომელზეც კომპანიისვე დაკვეთით მომზადებულ ისტორიულ-არქიტექტურულ დასკვნაშიც იყო საუბარი.

დოკუმენტში, რომლითაც მერიამ ხსენებული შენობის დემონტაჟის ნებართვა გასცა, ასევე იყო ნახსენები სარდაფი და მის შენარჩუნებაზე იყო საუბარი, თუმცა დათქმა შეუსრულებელი დარჩა: კონსტრუქცია დაანგრიეს.

გიორგი თავდიშვილი ამბობდა, რომ სარდაფის დანგრევა კომპანიას პროექტის მოცულობის შევიწროების გამო მოუხდა, თუმცა აგურები დაასაწყობა და ვალდებულება აიღო, რომ სასტუმროს დასრულების შემდეგ ისეთივე კონსტრუქციას ააგებს, რომელიც დემონტაჟისას დაანგრიეს.

ორგანიზაციაში “ICOMOS საქართველო”, არ ფიქრობენ, რომ სარდაფიდან ამოტანილი აგურებით თუნდაც იდენტური კონსტრუქციის აწყობა შეავსებს მისი დანგრევით გამოწვეულ დანაკლისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი