საზოგადოება

ისტორია მიწის ქვეშ: რა ხდება ძველი თბილისის სარდაფებში

4 თებერვალი, 2022 • 18560
ისტორია მიწის ქვეშ: რა ხდება ძველი თბილისის სარდაფებში

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე, ქალი ეზოში ზის და იმ სახლის დემონტაჟის პროცესს შეჰყურებს, რომლის კედლებშიც 50 წელზე მეტი გაატარა. სახლი გასულ თვეში ჩამოინგრა და ასე შეუერთდა ძველი თბილისის სხვა მრავალი, ნაწილობრივ თუ მთლიანად დანგრეული შენობის რიგებს, რომელთაც ვერ გაუძლეს დროს.

რამდენ ხანს იცოცხლეს ამ სახლებმა? თუ გავიხსენებთ, რომ მათი დიდი ნაწილი XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში ააგეს, მიახლოებით პასუხსაც მივიღებთ, თუმცა, რამდენად მართებულია, ამავე თარიღებს დავეყრდნოთ ძველი ქალაქის ასაკზე მსჯელობისას?

“შეუძლებელია ვისაუბროთ ძველი თბილისის არქიტექტურაზე და არაფერი ვთქვათ მის თვალისათვის უხილავ იმ ნაწილზე, თბილისის ქუჩებში მოსიარულეთათვის დაფარულ იმ საფუძველზე, რომელსაც ძველთბილისური სახლები ეყრდნობა”, — წერს არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია.

ძველი თბილისის სარდაფები, თავისი არქიტექტურით, ყოველთვის იქცევდა სპეციალისტების ყურადღებას, თუმცა, გამორჩეული არქიტექტურული ელემენტების გარდა, არის კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი:

არაერთი სარდაფი გაცილებით ძველია იმ სახლზე, რომელიც მოგვიანებით მასზე დააშენეს.

რა ხდება ქვემოთ?

მეტეხის ქუჩაზე მცხოვრები ხათუნა ჩიტუნაშვილი სტუდენტი იყო, როცა ბავშვობის შიშები გადალახა და გადაწყვიტა, ოჯახის წევრებთან ერთად ენახა, რა ხდებოდა მისი სახლის ქვეშ.

ასე შეიძინა მიტოვებულმა, უფუნქციო სარდაფმა ახალი სიცოცხლე.

“შესასვლელები ჩახერგილი იყო, ნაგავი ეყარა და ჩვენც გვეშინოდა ვირთხების თუ ქვეწარმავლების. ლამფებით ჩავედით და დავიწყეთ დათვალიერება. ძალიან ბევრი ნაგავი გამოვიტანეთ”, — ამბობს ის, როცა თავის სარდაფში პირველად ჩასვლის დღეს იხსენებს.

მას შემდეგ ათწლეულები გავიდა. ახლა სარდაფი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე უწინ: გარდა იმისა, რომ ნარჩენებისაგან გასუფთავდა, სივრცე ფუნქციურადაც დაიტვირთა.

სარდაფი ხათუნა ჩიტუნაშვილის სახლის ქვეშ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ამ სარდაფს ძალიან კარგად ვიყენებთ. ჯერ მარტო, სასწაული კონდიცირება ხდება. ასევე, ღვინოს ვწურავთ: ერთ ტემპერატურაზე რომ დგება ეს ღვინო, სასწაულად კარგი გამოდის”, — გვიყვება ხათუნა ჩიტუნაშვილი.

სახლს, რომელიც წინაპრებისგან ერგო, დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. თუმცა, შესაძლოა, გაცილებით გრძელი ისტორია ჰქონდეს აგურის თაღოვან სარდაფს.

ეს ხათუნამაც იცის და როდესაც მეტეხის ქუჩაზე ქალაქის ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს ხვდება, არასდროს ზარდება მათთვის ისტორიული სარდაფის განყოფილებების ჩვენებას.

სარდაფი ხათუნა ჩიტუნაშვილის სახლის ქვეშ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“სულ ვამბობთ [მეზობლები], მოდი, დავალაგოთ და გავაკეთოთ რაიმე ერთად… ბევრი რამ გვიფიქრია. ცუდი ჩასასვლელი აქვს, მაგრამ მაინც შეიძლება რამის მოფიქრება. ოღონდ არ ვიცი, რის.

ჯერ უნდა დავალაგოთ და ცოტა კარგი სიტუაციაც უნდა იყოს, რომ მარტო ჩვენ არ ვტკბებოდეთ ამით. გვინდა, სხვაც დავაინტერესოთ”.

1795 წლის შემდეგ: როგორ გადარჩა დანგრეული ქალაქის ქუჩების სქემა

ადამიანები, რომლებიც საუკუნეების წინ თბილისის სარდაფებს აგებდნენ, ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მომავალში სწორედ ეს სივრცეები ითამაშებდნენ მნიშვნელოვან როლს დედაქალაქის ქუჩების სქემის შენარჩუნებაში.

არაერთი სპეციალისტი დასძენს, რომ აღნიშნულის საჭიროება 1795 წელს, კრწანისის ბრძოლის შემდეგ დადგა, როცა ქალაქი, პრაქტიკულად, მთლიანად განადგურდა. დამწვარი თუ დანგრეული სახლების ადგილას სარდაფებიღა დარჩა.

კულტუროლოგ ცირა ელისაშვილის თქმით, “ქალაქის ხელახალი შენება გადარჩენილი სარდაფების ნაფუძარზე დაიწყო”.

ცირა ელისაშვილი

“ამ მიზეზის გამო ვამბობთ, რომ ამ ქალაქში შუა საუკუნეობრივი ქუჩათა ქსელი შენარჩუნებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი განაშენიანება დაეფუძნა ძველ სარდაფებს. აქედან გამომდინარეა ქუჩათა ეს ქსელი გადარჩენილი”, — ეუბნება კულტუროლოგი “ნეტგაზეთს”.

მისივე სიტყვებით, ზემოხსენებული გარემოება აჩვენებს, რომ “ძველი თბილისი არ არის XIX საუკუნის ქალაქი და მისი სარდაფები “უფრო ადრეულ პერიოდზე მიგვანიშნებს”:

“განსაკუთრებით ეს ითქმის კალაზე, თუმცა თავად სოლოლაკშიც არის სახლები, სადაც შენობა შეიძლება იყოს XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისის, მაგრამ იმავე სახლის სარდაფი იყოს უფრო ადრეული პერიოდის”.

ამაზე საუბრობს არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანიაც სტატიაში, რომელიც 2003 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში “საქართველოს სიძველენი”. ავტორი განიხილავს არაერთ სარდაფს, რომელიც, მისი შეფასებით, XVII-XVIII საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს.

მისივე სიტყვებით, ქუჩების შუასაუკუნეობრივი ქსელი კალასა თუ ისნის ნაწილში იდეალურად არ ემთხვევა XIX საუკუნისას, თუმცა ქუჩებისა თუ ჩიხების საერთო ხასიათი, მათი ხშირად არასწორხაზოვანი, მიხვეულ-მოხვეული მოყვანილობა სწორედ ფეოდალური ქალაქისთვის დამახასიათებელ სივრცით აღქმას ბადებს.

სარდაფი მეტეხის ქუჩაზე. სახლში, რომელიც მის ზემოთ დგას, დღეს აღარავინ ცხოვრობს ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“არაერთხელ გამოთქმულა თვალსაზრისი, რომ 1795 წელს სპარსელთაგან თბილისის დანგრევის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, მშენებლობა შეძლებისდაგვარად ძველი საძირკვლების გამოყენებით მიმდინარეობდა.

მართლაც, სწორედ ამის წყალობით თბილისის უძველეს უბნებში — კალასა და ისანში, საკუთრივ თბილისის ქუჩათა შუასაუკუნეობრივი ქსელია შემორჩენილი. ქუჩათა უძველესი ქსელი უდევს საფუძვლად ავლაბრის ზოგიერთ ნაწილსაც”, — ვკითხულობთ სტატიაში.

ცირა ელისაშვილის სიტყვებით, მიწისქვეშა სივრცეების არქიტექტურული თავისებურებები დამოკიდებულია პერიოდზე, რომელშიც ისინი ააგეს. არაერთი მათგანი თაღოვანია, გვხვდება შეისრულთაღოვანი [წაწვეტებული] ფორმებიც.

კულტუროლოგის თქმით, როგორც წესი, ძველი თბილისის სარდაფებს სქელი, თვითმზიდი კედლები გამოარჩევს, რომლებიც ძირითადად ქართული აგურით არის ნაშენი. მშენებლობის პროცესში შეიძლება გამოყენებული იყოს ფლეთილი ან რიყის ქვაც.

კიდევ ერთი სარდაფი მეტეხის ქუჩიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ცხადია, ძველი თბილისის საუკუნოვანი სახლების ქვეშ არსებული ყველა სარდაფი XIX საუკუნემდე პერიოდს არ ეკუთვნის. მაია მანიას თქმით, XIX საუკუნის მიწურულის სახლები, რომლებიც საძირკვლიანად თავიდან აშენდა, ე.წ. ახალი აგურით ნაშენ სარდაფებს შეიცავს.

“კალაში და ისანში ძველი აგური, როგორც სარდაფის სამშენებლო მასალა, ჭარბობს ახალს. ამის მიზეზად საცხოვრებელი სახლების მუდმივი განახლების პროცესში მკვიდრად ნაგები წინამორბედი სახლის სარდაფის გამოყენება-ხელშეუხებლობა უნდა მივიჩნიოთ.

დროთა განმავლობაში, მრავალ ცვლილებასთან ერთად, სარდაფებიც იცვლებოდა — იცვლებოდა მათი გეგმარება, ტიხრებით ნაწევრდებოდა ერთიანი სივრცე, თუმცა კი, საერთო სტრუქტურა ხელშეუხებელი რჩებოდა”, — წერს არქიტექტურის ისტორიკოსი.

მაცივრიდან სადგომამდე — რაში იყენებდნენ სარდაფებს

2016 წელს, როცა დადიანის #32-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას შენობის პირველი სართულის იატაკი აყარეს, გამოჩნდა წრიული ფორმის მოცულობა, რომელიც მიწის სიღრმეში იყო ჩაშენებული.

“თბილისის განვითარების ფონდმა” მაშინ სპეციალისტებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ გრილი სათავსო შეიძლებოდა ყოფილიყო ე.წ. მაცივარი, რომელიც იმდროინდელი თბილისისთვის იყო დამახასიათებელი.

ცირა ელისაშვილის თქმით, მოცულობა XIX საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს, როცა თბილისელები არათუ მიწის ქვედა დონეებზე ბუნებრივად არსებულ დაბალ ტემპერატურას სჯერდებოდნენ, არამედ საგანგებოდ ყიდულობდნენ ყინულს პროდუქტის შესანახად.

დადიანის ქუჩაზე აღმოჩენილი მოცულობა. 2016 წ. ფოტო: თბილისის ჰამქარი 

თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ ფუნქციებიდან, რომელთაც ძველი თბილისის სარდაფი ასრულებდა. ძირითად შემთხვევებში, მას სამეურნეო დანიშნულებით, მათ შორის, სურსათის შესანახად იყენებდნენ.

“სარდაფს სავაჭრო ფუნქციაც ჰქონდა. ხშირია სარდაფი — მარანი მიწაში ჩაფლული ქვევრებით. ზოგჯერ სარდაფი საცხოვრებელ ფუნქციასაც ითავსებდა. საყოველთაოდ ცნობილია თბილისური სარდაფი-დუქნები და დუქან-სახელოსნოები თავისი შიდა ცხოვრებით”, — წერს მაია მანია.

მიწისქვეშა სივრცეებს ასევე შეიძლებოდა ჰქონოდა კოლექტორის, ნაგვის ორმოსა თუ სხვადასხვა დანიშნულების გვირაბის ფუნქცია.

“გააჩნია, ფუნქციურად რა შენობასთან გვაქვს საქმე. ძველი ქარვასლებისთვის ეს იყო სადგომიც. ვაჭრები, რომლებიც ჩამოდიოდნენ, თვითონ ქარვასლაში ბინავდებოდნენ, მიწისქვეშა სარდაფებს კი თავიანთი გასაყიდი პროდუქტის შესანახად იყენებდნენ”, — გვეუბნება ცირა ელისაშვილი.

გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენილი კონსტრუქცია. 2018 წ. ფოტო: თბილისის განვითარების ფონდი

ის განსაკუთრებულად აღნიშნავს მიწისქვეშა სივრცეებს, რომლებიც გუდიაშვილის მოედანზე წლების განმავლობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს შეისწავლეს. გარდა იმისა, რომ თვალხილული იყო XVII საუკუნის ინტერიერები, ადგილზე არქეოლოგიური მასალაც მრავლად აღმოჩნდა:

“მაშინ გამოჩნდა არქეოლოგიური ფენები და არტეფაქტები: არა მხოლოდ სარდაფებზე [იყო საუბარი], არამედ, მაგალითად, რამდენიმე ათეული ქვევრი, რამდენიმე ათეული თონე იპოვეს.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ თბილისი არის მრავალფენიანი ქალაქი და ის ერთმანეთზე შენდებოდა. ერთ ფენაზე კი არ არის განაშენიანება გაკეთებული, არამედ ერთმანეთში მრავალი ფენა არსებობს”.

ქალაქის მიწისქვეშეთი დღეს — ნგრევა-შენარჩუნების ამბები

ძველი თბილისის სარდაფების ამჟამინდელი მდგომარეობა ერთმანეთისაგან ისეთივე არაერთგვაროვანია, როგორიც მათზე აშენებული ისტორიული საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობების ბედი.

მეტეხის ქუჩაზე, იმავე ეზოში, სადაც ხათუნა ჩიტუნაშვილისა და მისი მეზობლების მოქმედი სარდაფებია, არის კიდევ ერთი მიწისქვეშა სივრცე, რომლის ზემოთაც, წლებია, აღარავინ ცხოვრობს. ეს გარემოება სარდაფის მდგომარეობასაც ეტყობა.

არდაფი მეტეხის ქუჩაზე. სახლში, რომელიც მის ზემოთ დგას, დღეს აღარავინ ცხოვრობს ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

სახლი სარდაფის ზემოთ. შენობაში აღარავინ ცხოვრობს. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ჩვენს ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი, ნგრევის პირას მყოფი სახლი. მის ქვეშაც საინტერესო ამბები ხდება:

იქაურობის სამშენებლო ნარჩენებით გავსებამ თაღოვანი სტრუქტურების ეფექტურობას ბევრი ვერაფერი დააკლო.

სარდაფი მეტეხის ქუჩაზე მდებარე ნახევრად დანგრეული, მიტოვებული სახლის ქვეშ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

სარდაფი მეტეხის ქუჩაზე მდებარე ნახევრად დანგრეული, მიტოვებული სახლის ქვეშ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

დეტალები ამავე სარდაფიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ამასთან, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სარდაფი, ჩვენ მიერ ნანახი სხვა სივრცეებისგან განსხვავებით, ორდონიანია: კიბით კიდევ ერთ სივრცეში ავდივართ. იქაურობა ხის მასალითაა სავსე. ერთ-ერთ კუთხეში ჭურჭელიც ალაგია.

სარდაფის მეორე დონეზე ასასვლელი კიბე და თაღი, რომელიც მეორე დონეზე ასულებს გვხვდება. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

დეტალები სარდაფის მეორე დონიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ბოლო წლებში დედაქალაქის ცხოვრებაში დაგროვდა სარდაფების გადარჩენასთან თუ მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული როგორც დადებითი, ისე უსიამოვნო გამოცდილება.

მაგალითად, ცნობილია, რომ გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენილ მიწისქვეშა მოცულობებს შეინარჩუნებენ, იქ ნაპოვნი არქეოლოგიური არტეფაქტები კი, ქალაქის მთავრობის თქმით, მოედანზე მოწყობილ სამუზეუმო სივრცეში გამოიფინება.

სანამ ამ და სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ, გუდიაშვილის მოედანმა რთული, ხმაურითა და პროტესტით გაჯერებული გზა განვლო. თავდაპირველი გეგმები — დაენგრიათ მოედანზე არსებული ისტორიული სახლები და აეგოთ ახალი შენობები — საზოგადოების უკმაყოფილების შემდეგ შეიცვალა და ნაგებობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

გუდიაშვილის განახლებული მოედანი. ფოტო: Facebook/Kakha Kaladze

მოედანზე არსებული 11 სახლის რეაბილიტაციის პროექტი ორგანიზაცია “ICOMOS საქართველოს” ეკუთვნის. მანამდე, მანვე ჩაატარა გუდიაშვილისა და მიმდებარე კვარტლების სახლების “პასპორტიზაცია” და მოამზადა ერთგვარი სახელმძღვანელო წესები აღნიშნულ მემკვიდრეობასთან მუშაობის გზებზე.

“სარდაფები იყო სრულიად მოულოდნელი. კვლევის დროს სარდაფების გარკვეული ნაწილი ისე იყო ჩახერგილი და ამოვსებული, რომ ძალიან ძნელი იყო იქ მოხვედრა და დეტალური კვლევა.

გაწმენდითმა სამუშაოებმა საშუალება მოგვცა, [გვენახა], რომ იქ არის XVII-XVIII საუკუნეების ძალიან მნიშვნელოვანი სარდაფები”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” ICOMOS-ის დირექტორი ლია ბოკუჩავა.

გუდიაშვილის მოედანზე ნაპოვნი სივრცეები. 2016 წ. ფოტო: ICOMOS საქართველო

რეაბილიტირებული გუდიაშვილი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ლია ბოკუჩავას თქმით, რეკომენდაციების ნაწილი რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა გაითვალისწინეს, ზოგიერთი მათგანი კი — არა.

თუმცა, როგორც ამბობს, სარდაფები რესტავრირებულია და  მოსახლეობის ნაწილი უკვე ცდილობს მათ ათვისებას სხვადასხვა ფორმით: ერთ-ერთ ასეთ სივრცეში კაფე-ბარი გაიხსნა. სხვა შენობის მცხოვრებლებმა ასევე გამოთქვეს სურვილი, ფუნქცია შესძინონ თავიანთ სარდაფს.

“ეს ადამიანები[შენობის მკვიდრნი] გაერთიანდნენ და რახან მათი თანხმობა მივიღეთ, ჩვენ გავაკეთეთ ესკიზური შეთავაზება, როგორ შეიძლება ეს [სარდაფი] გაკეთდეს. “თბილისის განვითარების ფონდსაც” მოეწონა და მოსახლეებიც ჯერჯერობით თანახმანი არიან.

ვფიქრობ, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისათვის, რომ თუ მომავალში მსგავსი რამ გამოჩნდება, ეცოდინებათ საზოგადოებასა და სპეციალისტებს, როგორ განავითარონ ასეთი სივრცეები”, — აღნიშნავს ბოკუჩავა.

მე -17 საუკუნის ინტერიერი, სარდაფი, აბესაძის ქ # 21.(გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ) 2017 წ. ფოტო: ICOMOS საქართველო

ნაკლებად გაუმართლა სარდაფს, რომელიც გუდიაშვილიდან არცთუ მოშორებით, ლადო ასათიანის ქუჩის N22-ის ქვეშ იყო ჩამალული. სახლი, რომელსაც ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, 2019 წელს მერიის ნებართვით დაანგრიეს.

კომპანია “ოლდ სითი გრუპი” იქ სასტუმროს აშენებს. საუბარია 2018 წელს რეგისტრირებულ კომპანიაზე, რომლის ორმა მეწილემაც 2016 წელს “ქართულ ოცნებას” 60 000-60 000 ლარი შესწირა, 2018 წელს კი ერთ-ერთმა მათგანმა ისევ 60 000 გაიღო იმხანად პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის.

სახლი ლადო ასათიანის ქ. N22-ში, რომელიც 2019 წელს დაანგრიეს. 

ხსენებული შენობის დემონტაჟის პროცესის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2018 წელს, კომპანიისვე დაკვეთით მომზადებულ ისტორიულ-არქიტექტურულ დასკვნაში წერია:

“ნაგებობაში შემორჩენილია სარდაფი, მის ცენტრალურ ნაწილში, კიბის უჯრედის ქვეშ. ეს არის ქართული აგურით ნაშენი ძველი სარდაფი კამარული გადახურვით.

სარდაფში ჩავდივართ აგურის საფეხურებიანი კიბით გადალესილი ცემენტით… სარდაფი შენობაზე ძველი უნდა იყოს”.

ფოტოები ისტორიულ-არქიტექტურული კვლევიდან 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ასათიანის 22-ში მდებარე ნაგებობების დემონტაჟის ნებართვა 2019 წელს გასცა, თუმცა ბრძანების პირველი პუნქტის ბოლოს თაღოვანი სარდაფის შენარჩუნებაზეა საუბარი.

ხსენებული დათქმა შეუსრულებელი დარჩა: სარდაფი დაანგრიეს. კომპანიის დირექტორი გიორგი თავდიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ დემონტაჟამდე ფლობდნენ ინფორმაციას შენობის ქვეშ არსებულ სარდაფზე და ის სპეციალისტებსაც შეაფასებინეს.

“იქ დაიწერა დასკვნაში, რომ ეს ძველი აგურის ნაგებობაა და სასურველია მისი შენარჩუნება…”, — გვეუბნება ის.

თავდიშვილი ირწმუნება, რომ კონსტრუქციას ღირებულება კომპანიისთვისაც გააჩნდა და მისი შენარჩუნება მშენებლის ინტერესშიც შედიოდა. ფაქტია, ასე არ მოხდა. რატომ?

გიორგი თავდიშვილი. ფოტო: ჯი-თი გრუპ • GT Group

თავდიშვილის თქმით, კომპანიის მიერ ნაყიდი მიწა (დაახლ. 1700 კვ.მ.) მოიცავდა სარეკრეაციო ზონასაც, რომელზეც არ გაიცა მშენებლობის ნებართვა. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ამის გამო მშენებელს პროექტის მოცულობის შევიწროება მოუხდა, რის შემდეგაც “კომუნიკაციებიც და სავალდებულო ინფრასტრუქტურაც, რაც ახლავს სასტუმროს, ძალაუნებურად გადავიდა მიწის ქვეშ”.

“მიწისქვეშა სართულების დონე, ნაცვლად ერთისა, გახდა ორი სართული მიწის ქვეშ. შესაბამისად, ეს სარდაფი აღმოჩნდა ჰაერში.

პირობითად, უნდა ჩახვიდე 6 მეტრზე და სარდაფი მდებარეობს -3 მეტრზე. ფიზიკურად და ტექნიკურად ამ ე.წ. ქვაბულის ამოღების დროს, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ამ სარდაფის შენარჩუნება ვერ მოხდა იმიტომ, რომ ეს არ იყო რაღაც კაპიტალური შენობა”, — დასძენს ის.

თავდიშვილის თანახმად, კომპანიამ სარდაფის აგურები დაასაწყობა და ვალდებულება აიღო, რომ სასტუმროს დასრულების შემდეგ ისეთივე კონსტრუქციას ააგებს, რომელიც დემონტაჟისას დაანგრიეს. კითხვას, შესაბამისად დანომრეს თუ არა აგურები, თავდიშვილი ასე პასუხობს:

“აგურები გადანომრილი არ არის. რაიმე ჩუქურთმა ან რაიმე ისეთი ღირებული დეტალი ამ შენობაზე არ არსებობდა. ჩვეულებრივი აგურებია და მის გადანომვრას, მე რაც წარმომიდგენია, ტექნიკურად აზრი არ აქვს. სრულად აზომილია, დასურათებულია და პროექტი არსებობს, როგორ უნდა აღგდეს”.

პირველი ფოტო, რომელიც 2019 წლის 27 ოქტომბერს არის გადაღებული, “ოლდ სითი გრუპის” დირექტორმა მოგვაწოდა. აქ ჩანს სარდაფის ჭერის ნაწილი, რომელიც დემონტაჟის პროცესში ჩაინგრა: მანამ, სანამ ნაგებობას მთლიანად დაშლიდნენ. მეორე ფოტო იურისტმა ტეჯ ჯონასმა განათავსა “ფეისბუკზე” იმავე წლის 7 ნოემბერს. ის წერდა, რომ მიუხედავად მერიის მითითებისა, მშენებელი სარდაფს ანგრევდა.

დავინტერესდით, ჩაერია თუ არა პროცესში თბილისის მერია. გიორგი თავდიშვილის თქმით, კომპანია ერთხელ დააჯარიმეს 10 000 ლარით, თუმცა არა მაშინ, როცა სარდაფი მთლიანად დაიშალა, არამედ დემონტაჟის დასაწყისში, როცა კიბის დემონტაჟისას სარდაფის ჭერის ნაწილი ჩაინგრა.

ლია ბოკუჩავა არ ფიქრობს, რომ სარდაფიდან ამოტანილი აგურებით თუნდაც იდენტური კონსტრუქციის აწყობა შეავსებს მისი დანგრევით გამოწვეულ დანაკლისს.

მისი თქმით, მშენებლობისას აგურის, როგორც ხარისხიანი, სეისმომედეგი მასალის გამოყენება შენობისა და მისი მცხოვრებლებისთვის იქნება კარგი, თუმცა ისტორიულ ფასეულობას ამით არაფერი შეემატება.

“გამორიცხულია, ის ისევე აღდგეს, როგორც იყო. ეს რესტავრაცია არ არის. რესტავრაცია ნიშნავს ძველის აღდგენას.

ძვირფასთვლიანი ბეჭედი რომ გქონდეთ, ბეჭდის თვალი რომ ამოაგდოთ და სხვა რამ, მაგალითად, მინა ჩასვათ მის მაგივრად, მიიღებთ იმას, [რაც იქამდე იყო]? იგივეა აქაც”.

ლია ბოკუჩავა

ამავე საკითხზე საუბრისას ცირა ელისაშვილი დასძენს, რომ კომპანიები ხშირად “სიხარულით იხდიან” მუნიცოპალური ინსპექციის მიერ მსგავსი ქმედებებისათვის დაკისრებულ ჯარიმას, შემდეგ კი მშენებლობას განაგრძობენ.

“არის შენობები, რომელთა ფასეულობას ხანდახან განსაზღვრავს არა ის შენობა, რომელიც დგას მიწის ზემოთ, არამედ ის სარდაფი, რომელზეც არის ეს შენობა აშენებული.

ამიტომ, შეიძლება ვთქვათ, რომ სარდაფების თემა არის თბილისის სუსტი წერტილი, რაც ზუსტად ისეთივე დასაცავი ფასეულობაა, როგორც ზოგადად ისტორიული ქალაქი”, — აღნიშნავს ის.

“ყველას გვიყვარს აქაურობა”

ისტორიული სარდაფების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების ქვეშ მდებარეობს. შესაბამისად, ისინი კერძო საკუთრებაა.

ზოგიერთ მათგანს ისევ სათავსოდ იყენებენ, ზოგან — ღვინის მარნები თუ კაფეებია გახსნილი. თუმცა, ცირა ელისაშვილის თქმით, სარდაფების დიდი ნაწილი დღეს მოუვლელია — სავსეა მიწითა და ნაგვით”

“ამ სახლების კონსტრუქციული მდგომარეობის სიმძიმეს ხანდახან სწორედ ის განაპირობებს, რომ მიწით, ნაგვით ამოვსებული სახლები ვერ ქმნის აირაციის, ანუ განიავების საშუალებას. დგება სინესტე, მერე ამით ზიანდება კედელი, იწყება კედლის კონსტრუქციული რღვევა და ა.შ.”

კულტუროლოგის სიტყვებით, “მერიას ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა შეიძლება მოვთხოვოთ სრულიად სამართლიანად, მაგრამ კერძო საკუთრებაში მყოფი სარდაფი” მისი პასუხისმგებლობა არ არის: ისტორიულ სივრცეებზე მათმა მეპატრონეებმა უნდა იზრუნონ.

დეტალი ხათუნა ჩიტუნაშვილის სახლის სარდაფიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

ამას შეძლებისდაგვარად აკეთებს ხათუნა ჩიტუნაშვილი, რომელიც თავის წუხილს გვიზიარებს როგორც თავისი სარდაფის, ისე სახლისა და უბნის მომავალზე.

იხსენებს, როგორ ჩამოინგრა მის ეზოში შემომავალი შენობის ერთი მხარე 3 წლის წინ, მეორე კი — გასული წლის იანვარში. ამბობს, რომ მალე ეზოში მდგარ მეორე, მძიმედ დაზიანებულ სახლსაც დაანგრევენ და დარდობს, რა ბედი ელის მის ქვეშ არსებულ სარდაფს.

როგორც ჰყვება, რამდენიმე წლის წინ გამგეობამ, მოსახლეობის თანადაფინანსებით, ეზოში რიგი სამუშაოებისა ჩაატარა იმისათვის, რომ დასახლებული შენობების დაშლის პროცესი შეეჩერებინა.

თუმცა, ხათუნა ჩიტუნაშვილის თქმით, ნაგებობა საფუძვლიანად ჯერაც არ გამაგრებულა. როგორც ამბობს, მხოლოდ მის სურვილებზე არ არის დამოკიდებული, რა ბედი ელის ეზოსა და სახლებს. აღნიშნულზე სამეზობლო უნდა შეთანხმდეს, რაც მარტივი პროცესი არ იქნება იმ ფონზე, როცა ზოგიერთ ოჯახს ნორმალური საცხოვრებელი პირობები არ აქვს.

ერთი შენობის ორი ბოლო. ნაგებობის ნაწილი, რომელიც მეორე ფოტოზეა ასახული, ხათუნა ჩიტუნაშვილის სახლის ეზოში ექცევა. ფოტო: მიხეილ გვაძაბია

“ძალიან მიყვარს ჩვენი სახლი. ყველა კედელი მიყვარს. აქ არის ჩემი ბავშვობა, ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ… ნეტავ ვიღაც იყოს, რომ ეს ყველაფერი აღადგინოს და დავრჩებით აქ, ვიცხოვრებთ და მოვუვლით. გაუბედურებულს ვუვლით და კარგს რატომ არ მოვუვლით?

ჩვენთვის მთავარი ეს იყო, რომ გაჩერებულიყო სახლის დაწოლა და ეს გავაკეთეთ. სხვა მხრივ, ამას სჭირდება იუველირული მუშაობა, პროფესიონალის მიდგომა. რკინების ჩადგმით და შეკვრით [ეს საქმე ვერ გაკეთდება].

ამას სჭირდება ადამიანი, რომელიც იმ სარდაფს შეიყვარებს ისე, როგორც მე მიყვარს, გააცოცხლებს ამ სახლს. ამ სახლს უნდა თავიდან გაცოცხლება”, — გვეუბნება ის.

ხათუნასთვის ბუნდოვანია, რა მოხდება სამომავლოდ. თუმცა დარწმუნებით ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს:

“ყველაზე ცუდი სცენარით, აქვე თუ ააშენებენ რამეს… თორემ ის, რომ გავყიდო და ვიღაცას დავანგრევინო, გამორიცხულია. შანსი არ არის, არ დავანგრევინებ. მეცოდება. ბევრი აღარ დარჩა ასეთი სარდაფები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი