ახალი ამბები

მაღალფერიძის აზრით, პოლიტიკური სარჩული ჰქონდა ევროვიზიასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს

18 მაისი, 2022 • 1320
მაღალფერიძის აზრით, პოლიტიკური სარჩული ჰქონდა ევროვიზიასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ჟიურის კრიტიკას, ევროვიზიაზე დაწერილი ქულების გამო, „პოლიტიკური სარჩული ჰქონდა“.

მისი თქმით, ეს ჟიურის საქმიანობაში ჩარევაა.

ამის შესახებ მაღლაფერიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ ჰკითხა, „რატომ შერცხვა ევროვიზიაზე მსოფლიო მასშტაბით — ამხილეს საქართველო თაღლითობაში და სანქცია დაადეს“.

„თავად გაავრცელეს ინფორმაცია ჰაკერებისგან როგორი დარტყმა მიიღეს. შემდეგ რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა, რომ იქ რაღაც ბუნებრივი გაუგებრობა მოხდა და არკვევენ იქ. პირველი ამბავი, რისგანაც დაიწყო, მომეჩვენა, რომ ამას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, რომ რას ჰქვია, საქართველომ არ მისცა 12 ქულა [უკრაინას]. შემდეგ გაირკვა, რომ საქართველომ მისცა 12 ქულა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჟიურის საქმიანობაში ჩარევა ძალიან უხერხულია. ჩვენ ამით ბუნებრივად გამოვამჟღავნეთ, რომ თურმე ჟიური არ გვაინტერესებს. მაშინ ჟიური საერთოდ რაღა საჭიროა, თუ ჩვენ ეს წინასწარ უნდა ვიცოდეთ.

იქ არის რაღაც გაუგებრობა, რომელზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს წარმომადგენელმა საუკეთესო შედეგი [ვერ მიიღო]. არც არაფერში არ გვჭირდებოდა ჩვენ ვიღაცასთან გარიგება და ასეთი ბრალდება. იქ არის რაღაც გაურკვევლობა და გაირკვევა. რაც მთავარი საკითხი იყო, როგორც ჩვენმა ჟიურიმ ჩათვალა, უკრაინას საქართველოდან მაქსიმალური ქულა მიუღია და ამით ამოწურულია ეს საკითხი და ვერ იქნება სპეკულაციისთვის გამოყენებული“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) განცხადებით, 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალის მეორე რეპეტიციის შემდეგ, ჟიურის ხმის მიცემის ანალიზისას, ექვსი ქვეყნის შედეგებში ხმის მიცემის გარკვეული არარეგულარული სქემა გამოვლინდა. პროცესი დამოუკიდებელმა ხმის მიცემის მონიტორმა გამოავლინა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცნობით, კონკურსის ხმის მიცემის ინსტრუქციების შესასრულებლად, ხმების მიცემის პარტნიორთან ერთად, მუშაობდა, რათა გამოეთვალა შემცვლელი აგრეგირებული შედეგი თითოეული ქვეყნისთვის როგორც მეორე ნახევარფინალში, ასევე დიდ ფინალში. გამოთვლა მსგავსი ხმის მიცემის ისტორიის მქონე ქვეყნების შედეგებზე დაყრდნობით ხდება.

BBC-ის მუსიკის კორესპონდენტი მარკ სევეჯი ტვიტერზე წერს, რომ სწორედ ამის გამო გამოაცხადა აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაცვლად ამ ქვეყნების შედეგები ევროვიზიის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა ზედამხედველმა.

საქართველომ და აზერნაიჯანმა განაცხადეს, რომ ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი — 12 ქულა — უკრაინას დაუწერეს, თუმცა ორივე ქვეყნის შემთხვევაში ევროვიზიის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო, უკრაინას კი – 6.

იტალიაში გამართულ ევროვიზია 2022-ის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania.

მასალების გადაბეჭდვის წესი