ახალი ამბები

თსუ-ის სტუდენტებმა რექტორთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

11 მაისი, 2022 • 531
თსუ-ის სტუდენტებმა რექტორთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რექტორის შეხვედრა დასრულდა. სტუდენტები გიორგი შარვაშიძეს ბრძანების შესაცვლელად ვადას დღეს, 18:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ სემესტრის ბოლომდე სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შენარჩუნების მოთხოვნით პროტესტი გაგრძელდება.

სტუდენტები რექტორისგან ითხოვდნენ ბრძანების ცვლილებას, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გამო შემოღებული სწავლების დისტანციური მოდელი გაუქმდა და სასწავლო პროცესმა მხოლოდ აუდიტორიებში გადაინაცვლა. სტუდენტების თქმით, მათი თანაკურსელების ნაწილი, თბილისში ბინის ქირის საგრძნობლად გაძვირების ფონზე, დედაქალაქში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს და სრულფასოვან განათლებაზე ხელი არ მიუწვდება.

თსუ-ს სააქტო დარბაზში შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, რომ ლექტორთა ნაწილი მზადაა, აუდიტორიაში გამართული ლექცია ონლაინაც უჩვენოს მათთვის, ვინც დასწრებას ვერ ახერხებს, თუმცა უნივერსიტეტი მათ ამას უკრძალავს. აღნიშნულს უარყოფს თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, რომელიც აცხადებს, რომ ლექტორებს შეუძლიათ, „ზუმით“  ჩაატარონ კონსულტაციები სტუდენტებისთვის  და მათ ამას არავინ უკრძალავს:

„ნებისმიერი სახის კონსულტაცია გაეწევა ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. თუ აბარებს ახალგაზრდა სტუდენტი პრეზენტაციას, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, აუდიტორიაში იქნება თუ სხვაგან. ერთადერთი, რაზეც ვერ შევთანხმდით, გამოცდებია“ ,- ამბობს შარვაშიძე.

სტუდენტები საპასუხოდ  აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა არა კონსულტაციების ონლაინ გაწევა, არამედ ლექციებსა და სემინარებზე სტუდენტებისთვის დისტანციური წვდომის უზრუნველყოფაა. ამასთან, თსუ-ს რექტორი აცხადებს, რომ სტუდენტები გამოცდის დისტანციურად ჩაბარებას ვერ შეძლებენ, რაც ასევე არ არის თანხვედრაში სტუდენტების მოთხოვნებთან.

სტუდენტებისა და რექტორის შეხვედრის მიმდინარეობისას განცხადება გაავრცელა საქართველოს განათლების სამინისტრომ. უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ სტუდენტების მდგომარეობა და 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში [ნაწილობრივ აუდიტორიებში, ნაწილობრივ კი დისტანციურად] დაასრულონ.


სასწავლო-საგამოცდო პერიოდი თსუ-ს აუდიტორიებში 2 მაისს დაიწყო და დასკვნითი ნაწილი 13 ივლისს უნდა დასრულდეს. შესაბამისად, სტუდენტებს თბილისში ნაქირავები ბინა დაახლოებით ორ თვე-ნახევარი დასჭირდებათ.

“ნეტგაზეთთან” ინტერვიუში სტუდენტების უმეტესობა ამბობს, რომ რომც ჰქონდეს მობილიზებული ამხელა თანხა, ბინის არც ერთი მეპატრონე ასეთ მცირე პერიოდზე ბინას არ მიაქირავებს.

რაც შეეხება უნივერსიტეტის პოზიციას: თსუ აცხადებს, რომ დისტანციური სწავლება ვერ უზრუნველყოფს განათლების იმ დონეს, რისი მიღებაც სტუდენტებს აუდიტორიებში შეუძლიათ და არ აპირებს ონლაინ ან/და ჰიბრიდული სწავლების დანერგვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი