ახალი ამბები

სამინისტრო თსუ-ს სტუდენტების მოთხოვნის შესრულებისკენ მოუწოდებს

11 მაისი, 2022 • 1477
სამინისტრო თსუ-ს სტუდენტების მოთხოვნის შესრულებისკენ მოუწოდებს

განათლების სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ სტუდენტების მდგომარეობა და 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში [ნაწილობრივ აუდიტორიებში, ნაწილობრივ კი, დისტანციურად] დაასრულონ. ამის შესახებ განცხადება სამინისტრომ დღეს, 11 მაისს გაავრცელა.

ამასთან, სამინისტრო უნივერსიტეტს მოუწოდებს, უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისებაც და სტუდენტების განთავსება.

“სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო განმარტავს, რომ უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.


სასწავლო-საგამოცდო პერიოდი თსუ-ს აუდიტორიებში 2 მაისს დაიწყო და დასკვნითი ნაწილი 13 ივლისს უნდა დასრულდეს. შესაბამისად, სტუდენტებს თბილისში ნაქირავები ბინა დაახლოებით ორ თვე-ნახევარი დასჭირდებათ.

“ნეტგაზეთთან” ინტერვიუში სტუდენტების უმეტესობა ამბობს, რომ რომც ჰქონდეს მობილიზებული ამხელა თანხა, ბინის არცერთი მეპატრონე ასეთ მცირე პერიოდზე ბინას არ მიაქირავებს.

რაც შეეხება უნივერსიტეტის პოზიციას: თსუ აცხადებს, რომ დისტანციური სწავლება ვერ უზრუნველყოფს განათლების იმ დონეს, რისი მიღებაც სტუდენტებს აუდიტორიებში შეუძლიათ და არ აპირებს ონლაინ ან/და ჰიბრიდული სწავლების დანერგვას.

ნახეთ ვრცლად: „განათლების მიღმა ვრჩებით“ — ვინ და რატომ აპროტესტებს აუდიტორიებში სწავლის განახლებას

მასალების გადაბეჭდვის წესი