ახალი ამბები

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში მე-60-დან 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა – RSF

3 მაისი, 2022 • 1209
საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში მე-60-დან 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა – RSF

საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“(RSF) – თანახმად, 2022 წლისთვის საქართველოში  პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა.

პრესის თავისუფლების კუთხით საქართველო 180 ქვეყნიდან  59.30 ქულით 89-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად, 29 პუნქტით ჩამოქვეითდა. 2021 წელს  საქართველო 71.36 ქულით  მე-60 ადგილს იკავებდა

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ქვეყნებში პრესის თავისუფლებას პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების ინდიკატორებით აფასებს. ამ კრიტერიუმების მიხედვით მსოფლიოში მედიის თავისუფლების კუთხით პირველ ხუთეულში არიან: ნორგვეგია, დანია, შვედეთი, ესტონეთი და ფინეთი.

რაც შეეხება საქართველოს, ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის ქვეყანაში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს.

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თანახმად, 2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტებზე ფიზიკური შეურაცხყოფის უპრეცედენტო რაოდენობა იყო.

ორგანიზაციის შეფასებით, ხშირია სიტყვიერი თავდასხმები და ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებზე და აგრესორებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს.

„2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს, სამართალდამცავების თვალწინ 50 ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლა იყო. გამჭვირვალობის და გამოძიებაში პროგრესის არარსებობა მეტყველებს იმ დაუსჯელობის შესახებ, რომლითაც სარგებლობენ ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები“, — აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში.

ორგანიზაციის თანახმად, საქართველოში მედიალანდშაფტი მრავალფეროვანია და, ამავე დროს, ძლიერ პოლარიზებული. მათივე შეფასებით, მედიის მფლობელები ხშირად ერევიან სარედაქციო დამოუკიდებლობაში.

როგორც RSF აღნიშნავს, ქართული კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიის ფლობას უკრძალავს, თუმცა დიდი მედიების მფლობელებს ხშირად აქვთ მჭიდრო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან.

„იგივე ტენდენციაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიაშიც, რომლებიც ექვემდებარება ხელისუფლების ჩარევას, რომელიც მედიის კრიტიკას პასუხობს ცენზურით, დარბევითა და დაშინებით“, — ნათქვამია RSF-ის ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი