ახალი ამბები

„კითხვები ჩნდება სანქციების თავიდან არიდებაზე“ – ევროპარლამენტარი ივანიშვილის შესაძლო ჩანაწერზე

26 აპრილი, 2022 • 1067
„კითხვები ჩნდება სანქციების თავიდან არიდებაზე“ – ევროპარლამენტარი ივანიშვილის შესაძლო ჩანაწერზე

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ტვიტერზე“ ეხმაურება ივანიშვილისა და ევტუშენკოვის საუბრების სავარაუდო ჩანაწერს და აცხადებს, რომ თუ ეს მართალია, სერიოზული კითხვები ჩნდება სანქციების შესაძლო თავიდან არიდების მცდელობასა და ქვეყნის ერთგულებაზე მისი ევროპული მომავლის შესახებ:

„თუ ეს მართალია და იმ ქვეყნის პოლიტიკური და ბიზნესლიდერები, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, საქმეს იჭერენ პირებთან, რომლებიც ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან, სერიოზული კითხვები ჩნდება როგორც სანქციების შესაძლო თავიდან აცილების თაობაზე, ასევე, მათი ქვეყნების ევროპული მომავლის ერთგულების შესახებ“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საუბრობენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი.

ჩანაწერების მიხედვით, – რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, – ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოაქვეყნა.

ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც „დავითი“ ჩამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი