ახალი ამბები

მოქალაქეები არ იმსახურებენ პრემიერს, რომელიც ასეთ ჩანაწერებში ივანიშვილის ხელის ბიჭად გამოიყურება – კორძაია

26 აპრილი, 2022 • 924
მოქალაქეები არ იმსახურებენ პრემიერს, რომელიც ასეთ ჩანაწერებში ივანიშვილის ხელის ბიჭად გამოიყურება – კორძაია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია გავრცელებული ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ ისეთ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ასეთ ჩანაწერებში გამოიყურება როგორც „ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი“. ამის შესახებ მან დღეს, 26 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„არ შეიძლება არ დავეთანხმო ყველას, ვინც ამბობს, რომ რეალურად ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვართ. განსაკუთრებული პრობლემის წინაშე ვდგებით მაშინ, როცა ჩვენ მოვისმენთ ასეთ ჩანაწერებს, სადაც ხდება მხილება ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის წარმომადგენლების და მერე იწყება კამპანია, რომ ეს არის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული.

უბრლოდ, ვფიქრობ, რომ მოქალაქეები არ იმსახურებენ, ჰყავდეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასეთ ჩანაწერებში გამოიყურება, როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი, პატარა ბიჭი, რომელსაც დავალება უკვე მიცემული აქვს და გაარკვევს ევტუშენკოვთან საქმეს, ანუ მისი დავალებით გამოგზავნილ ვინმე ალი უზდანოვთან საკითხებს“, – განაცხადა კორძაიამ.

მისი თქმით, წერილობით მიმართავს საზღვრის დაცვას, რათა გაიგოს, ჩანაწერებში დასახელებულმა ალი უსტანოვმა როდის გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

მისი თქმით, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესებშია იმის გაქარწყლება, რომ ჩანაწერები ნამდვილი არ არის.

„მაგრამ ნამდვილია, ვერავინ უარყოფთ იქ ბიძინა ივანიშვილის ხმას, მის დიალოგს, ამიტომ მაშინვე გადასული ხართ თავდასხმაზე, რომ ეს არის შეთითხნილი და მოგონილი. სინამდვილეში, როცა საუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიციას სურს ომი, ომის და შიშის განცდას თქვენი უპასუხობა აჩენს. როდესაც საქართველოს მოქალაქეები უსმენენ, დამალული ბიძინა ივანიშვილი რომ ელაპარაკება მსოფლიოს ყველაზე დიდი მტრების წარმომადგენლებს, რუსების ოლიგარქებს, რომლებიც სანქცირებული არიან, და ამაზე პასუხები არ გაქვთ, ეს აჩენს შიშს ამ ქვეყანაში და ის კი არა, სიმართლეს რომ ვითხოვთ აქ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.


25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.

შეხვდა თუ არა ღარიბაშვილი ბრიტანეთის სანქცირებულ რუსი ოლიგარქის წარმომადგენელს?

მასალების გადაბეჭდვის წესი