ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები გულს მიტეხს — არახამია

22 აპრილი, 2022 •
საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები გულს მიტეხს — არახამია

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას თქმით, გულს უტეხს განცხადებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით ისმის. აღნიშნულის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

არახამიამ ახსენა ქვეყნები, რომელთა პოზიციაც რუსეთის მიმართ თავდაპირველად საკმარისად ხისტი არ იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა.

“როგორ მუშაობს პოლიტიკური მხარდაჭერის სისტემა აშშ-ში: პირველი რამდენიმე დღე ალბათ იყო პოზიცია, რომ უკრაინა უნდა ჩაბარდეს და არავინ გვეხმარებოდა.

მაგრამ მერე, როცა დაინახეს, რომ მართლაც ჩავებით ბრძოლაში და ღირსეულ წინააღმდეგობას ვუწევთ, დაიწყო ნელ-ნელა საერთო სიტუაციის ცვლილება ამერიკაშიც, მათ შორის, ამომრჩევლის ხარჯზე; არა პოლიტიკოსების, არამედ ამომრჩევლების ხარჯზე, რომლებიც აწვებიან პოლიტიკოსებს და პოლიტიკოსები იძულებულნი ხდებიან, თქვას ის, რასაც დღეს ამბობენ.

იგივე ხდებოდა ქვეყნებშიც, რომლებიც ევროპის ლიდერები არიან, მაგრამ უფრო რუსეთზე დამოკიდებულები არიან… საფრანგეთში, გერმანიაში, რომლებიც ახლა ანტირუსულ რიტორიკას იყენებენ, მაგრამ ადრე უფრო რბილები იყვნენ. სხვა ქვეყნებიც ნელ-ნელა იცვლიან მიმართულებას”, — აღნიშნა მან.

არახამიამ იმედი გამოთქვა, რომ “ოდესმე ამას საქართველოც გააკეთებს”.

“…საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, გულს მიტეხს. როდესაც საუბარია, რომ ქართული ბანკების მეშვეობით რუსეთი გვერდს უვლის სანქციებს, ან პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უკრაინა ისჯება და უკრაინამ ვერ აიცილა თავიდან ომი, თითქოს მიუთითებს, რომ რუსეთი მართალია, ყოჩაღია და მივიდა ვიღაცის დასასჯელად.

ამას ოდესმე დავუბრუნდებით, უბრალოდ არ გვცალია ახლა ამისთვის, დრო არ გვაქვს. მაგრამ ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა უნდა შეაფასოს ეს.

ჩემს თაობაშიც, მას შემდეგაც, თითოეულ ქართველს იგივე ტკივილი დააქვს გულით, სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთის. ყველას გვინახავს, რა არის რუსეთის აგრესია. ასე რომ, ასეთი განცხადებები ქართველის პირით… მეც უკვე რაღაც ალმაცერად მიწყებენ ყურებას, როგორ ხდება, რომ ქართველები ყოველთვის ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ხალხი იყო და ახლა პოლიტიკურ დონეზე ასეთი განცხადებები კეთდება”, — დასძენს დავით არახამია.

“ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა” — ღარიბაშვილი

ამავე გადაცემაში მან თქვა, რომ “მთელი ევროკავშირი ამბობს, ჩვენ არ გვინდა, გავუხსნათ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშები ბანკში და დღეს საქართველოში ბანკები ძალიან დიდი სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს, ხოლო რუსი ბიზნესმენები თავს არიდებენ სანქციებს ქართული კომპანიების მეშვეობით”.

არახამიას ხედვით, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა უნდა იყოს.

“უნდა დავიწყოთ იმით, რომ მიეცეს პრეზიდენტ ზელენსკის საშუალება, მიმართოს საქართველოს პარლამენტს. ეს იქნება კარგი ჩვენება იმისა, რომ ხდება მიმდინარე სიტუაციის გადაფასება”, — დასძინა მან.

შთაბეჭდილება დამრჩა, ბუჩის ფონზე სურათებისთვის ჩამოვიდნენ — არახამია „ოცნებაზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი