უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა აცხადებს, რომ გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას.

უკრაინას და საქართველოს შორის ურთიერთობები, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გამო დაიძაბა, განსაკუთრებით კი გამწვავდა 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიიდან. თბილისი კიევს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებდა და უკრაინის დანგრეული ქალაქების ფოტოებს იყენებდა საარჩევნო პროპაგანდისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ინტერესებს წარმოადგენს და დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვა მაღალჩინოსნები.

სიბიჰას თქმით, მართალია, უკრაინისა და საქართველოს დღის წესრიგში არსებობს გარკვეული „მგრძნობიარე საკითხები“, მიუხედავად ამისა, მზად არიან წინსვლისთვის.

„ჩვენ ასევე გვსურს ახალი ფურცლის გახსნა ჩვენს ქართველ პარტნიორებთან. ერევანში შედგა ისტორიული შეხვედრა ჩვენს ლიდერებს შორის. ეს იყო აზრთა კარგი გაზიარება. ჩვენ ღია ვართ ამ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად. უახლოეს მომავალში მოლდოვაში მექნება შეხვედრა ჩემს ქართველ კოლეგასთან. ჩვენ გვსურს, ჯეროვნად მოვაგვაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური ხაზი. ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოებები იმსახურებენ ამას“, — განაცხადა სიბიჰამ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომდე, „ევროსკოპის“ კითხვის საპასუხოდ.

მანამდე, 6 მაისს, ანდრი სიბიჰა ტელეფონით ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილს და თქვა, რომ შეთანხმდნენ ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესზე.

მაკა ბოჭორიშვილი და ანდრი სიბიჰა ერთმანეთს ასევე შეხვდნენ ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ისევე როგორც ირაკლი კობახიძე და ვოლოდიმირ ზელენსკი. საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.

უფრო ადრე, უკრაინამ საქართველოში დანიშნა ელჩი, რომელიც 4 წელი არ ჰყავდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი 2022 წლის 1 მარტს კონსულტაციებისთვის, ხოლო 31 მარტს საბოლოოდ გაიწვია. ამის მიზეზად დაასახელა საქართველოდან „მოხალისეების არგაშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“.

2023 წლის ივლისის შემდეგ უკრაინაში ელჩი არც საქართველოს ჰყავს. 2023 წლის 4 ივლისს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სახელით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო პროტესტი გამოუცხადეს. უკრაინული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ელჩმა კიევი აღნიშნულიდან ორი დღეში დატოვა.