საზოგადოება

შთაბეჭდილება დამრჩა, ბუჩის ფონზე სურათებისთვის ჩამოვიდნენ — არახამია „ოცნებაზე“

21 აპრილი, 2022 • 10575
შთაბეჭდილება დამრჩა, ბუჩის ფონზე სურათებისთვის ჩამოვიდნენ — არახამია „ოცნებაზე“

“შთაბეჭდილება დამრჩა, სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩავიდა, რომ ბუჩის ფონზე სურათები გადაეღო, 1-2 ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინა, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართულები”, — დასძინა უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ “მთავარი არხის” ეთერში.

არახამიამ “ქართული ოცნების” ხელისუფლება გააკრიტიკა უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციების გამო, რის შემდეგაც წამყვანმა ჰკითხა, “ხელისუფლების ვიზიტმა უკრაინაში შეცვალა რამე თქვენს თვალთახედვაში საქართველოსთან დამოკიდებულებაში?”

“არ დავსწრებივარ, არ წავედი, რადგან ასეთი განცხადებების მერე საერთოდ ვერ ვხედავდი ვერანაირ აზრს ამ ადამიანების ნახვისა. ოპოზიციურ პარტიასთან შესახვედრად წავედი, რადგან მესმოდა, რომ განსხვავებულია მათი პოზიცია. ვკითხულობდი იქამდე ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებას და ვნახულობდი, ვინ რა განცხადებებს აკეთებს.

შთაბეჭდილება დამრჩა, სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩავიდა, რომ ბუჩის ფონზე სურათები გადაეღო, 1-2 ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინა, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართულები.

იმისთვის, რომ რეალურად იყო ჩართული და არა თითქოს, უნდა დაიცვა ის სანქციები, რომელთაც მთელი მსოფლიო ადებს რუსეთს. მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა, გავუხსნათ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშები ბანკში და დღეს საქართველოში ბანკები ძალიან დიდი სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს, ხოლო რუსი ბიზნესმენები თავს არიდებენ სანქციებს ქართული კომპანიების მეშვეობით.

ხსნიან და არეგისტრირებენ კომპანიებს საქართველოში, დიდი რიგები და ა.შ. ყველას უნდა, პატარა ფული იშოვოს სირთულეების პირობებში, მაგრამ როგორ შეძლებს საქართველო, მერე განაცხადოს, რომ ევროკავშირისკენ მოძრაობს, თუკი აკეთებს იმავეს, რასაც აკეთებს ჩინეთი და არაბული ქვეყნები?” — უპასუხა არახამიამ ზემოაღნიშნულ კითხვას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში გასულ კვირას იმყოფებოდა. კიევის შემდეგ ისინი რუსეთის საოკუპაციო ძალებისაგან გათავისუფლებულ ქალაქებში, მათ შორის, ბუჩაში ჩავიდნენ.

ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სტეფანჩუკმა თქვა, რომ განიხილეს “აგრესორი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი, ასევე, შესაძლო დახმარება “რეკონსტრუქციის პროცესში“ “.

საპარლამენტო დელეგაციაში არ ყოფილან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციისა და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები. ენმ-ის ლიდერები უკრაინაში მცირე ხნით ადრე ჩავიდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსებიც, მათ შორის ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი