ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი გაეროს ფონდს სკოლების რემონტისა და სამედიცინო აღჭურვისთვის დახმარებას სთხოვს

14 აპრილი, 2022 • 2169
აფხაზეთი გაეროს ფონდს სკოლების რემონტისა და სამედიცინო აღჭურვისთვის დახმარებას სთხოვს

იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესუბლიკაში უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე გარკვეული ზეპირი რეგულაციები დაწესდა, აფხაზური მხარე აგრძელებს ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობას.

აფხაზური მედიის ცნობით, პრემიერი [დე ფაქტო] ალექსანდრ ანქვაბი შეხვდა გაეროს განვითარების ფონდის [UNDP]-[საქართველოში] მუდმივ წარმომადგენელს, ნიკ ბერესფორდსა და ჰუმანიტარულ საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში აფხაზეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტის წარმომადგენელს, ზურაბ ლაკერბაიას. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთში UNDP-ს არსებული და დაგეგმილი პროექტები.

“პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა UNDP-ს მიმართ კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის, რაც გამოიხატება აფხაზეთში სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორიების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვაში. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის სფეროები, განსაზღვრეს პრიორიტეტები. ეს არის ჯანდაცვის და აგროსფეროები”.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია რესურსი, რომლითაც შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემების სისტემური გადაჭრა. მაგალითად, რესპუბლიკაში ბევრი სკოლა რემონტს საჭიროებს, სამედიცინო დაწესებულებებში კი საგრძნობია თანამედროვე აღჭურვილობის ნაკლებობა”, – განაცხადა ანქვაბმა შეხვედრის დროს.

აფხაზური მედიის ცნობითვე, გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის განცხადებით, ორგანიზაციას აქვს დაახლოებითი გეგმა დაგეგმილი ნაბიჯებისა, რომელიც ხარჯებისა და დაფინანსების მექანიზმების შემუშავების ეტაპზეა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ, რომელიც პოსტზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან [მათ შორის, World Vision, დანიის ლტოლვილთა საბჭო, UNDP- გაერთოს განვითარების პროგრამა] რამდენიმე შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებს აუკრძალა  ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელება.

UNDP-ს მიერ აფხაზეთის დახმარებამ 100 000 აშშ დოლარს გადააჭარბა – სოხუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი