ახალი ამბები

ჩვენი მთავრობა პრორუსული კი არა, პირდაპირ რუსეთიდან მართულია – გია დვალი

4 აპრილი, 2022 • 15043
ჩვენი მთავრობა პრორუსული კი არა, პირდაპირ რუსეთიდან მართულია – გია დვალი

ფიზიკოსი გია დვალი, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ “ხელისუფლება ხალხის მტრად გამოიკვეთა”. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთიდან იმართება და პროპაგანდით ცდილობს ადამიანებში ირაციონალური შიშის ჩანერგვას:

“ჩვენი მთავრობა დღეს პრორუსული კი არ არის, ჩვენი მთავრობა პირდაპირ რუსეთიდან არის მართული. შეუძლებელია, საქართველოში ამას არ გრძნობდეს ზურგის ტვინით ნებისმიერი მოქალაქე. რაც არ უნდა არ გქონდეს ფაქტები, დაეჭვებული იყო და ა.შ. შეუძლებელია, ამას რაღაცნაირად არ გრძნობდე, რომ ეს მთავრობა რუსეთიდან არის პირდაპირ მართული. ანუ არის სინდისგარეცხილი მთავრობა. სინდისს [სიტყვას] არ ვხმარობ როგორც ემოციურ კატეგორიას, ეს არის მეცნიერული კატეგორია. ანუ ეს არის სინდისგარეცხილი მთავრობა სრული მაგ სიტყვის მნიშვნელობით…

მათ თავისი განცხადებებით დანერგეს ირაციონალური შიში, ეს სლოგანები რაც აქვთ – ომი თუ თავისუფლება… სინამდვილეში ხალხს არ ესმის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ომისკენ მიათრევს, არის ეს მთავრობა. აგიხსნით, რატომ:

ამათი სლოგანია “ჩვენ თუ რუსეთს არ გავაღიზიანებთ”, აქ რუსეთი რა არის, კიდევ გაურკვეველია და არგაღიზიანებაც რას ნიშნავს, აბსოლუტურად გაურკვეველია. ირაციონალური ცნებებით ხდება ჟონგლიორობა, რომელიც რაღაც ნერვულ ცენტრებზე რეზონირებს, ადამიანის გონებაში”, – აცხადებს დვალი.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, ამისთვის კი აქტიურად უნდა იარონ აქციებზე, მუდმივად უნდა ისაუბრონ უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და “მოხდეს ხალხის კონსოლიდაცია, რადგან ვერც ერთი ხელისუფლება ვერ აღუდგება ტოტალურად ხალხის ნებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი