ახალი ამბები

25 ნოემბერს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინება- კობახიძე

18 ნოემბერი, 2024 •
25 ნოემბერს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა  წარედგინება- კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ახალარჩეულ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა  და სამთავრობო პროგრამა 25 ნოემბერს წარედგინება. მან მინისტრებს დაავალა, დროულად დაასრულონ მუშაობა სამთავრობო პროგრამაზე.

“მომავალ ორშაბათს [25 ნოემბერი] საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად, აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე.

როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც, 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული. ეს არის ჩემი თხოვნა  თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში. 4 წლისთავზე ჩვენ განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს”, – განაცხადა კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება არ აღირებს. ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იმართება საპროტესტო აქციები. მე-5 დღეა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტში ღამეებს ათენებენ. ისინი აპროტესტებენ როგორც არჩევნების გაყალბებას, ისე უნივერსიტეტის  რექტორის, ლექტორებისა და თვითმმართველობის ჩართულობას პარტიულ აქტივობებში. ბათუმელი სტუდენტების პროტესტს შეუერთდნენ სხვა სტუდენტებიც არაერთი უნივერსიტეტიდან სხვადასხვა რეგიონში.

გარდა ამისა, გუშინ, 17 ნოემბერს დაუწყო 24-საათიანი უწყვეტი საპროტესტო აქციები: ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის ახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ღამე გაათენეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საზოგადოების ნაწილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი