ახალი ამბები

საპატრიარქოს სახელმწიფოსგან მიწის 3 ნაკვეთი გადაეცემა

18 სექტემბერი, 2024 •
საპატრიარქოს სახელმწიფოსგან მიწის 3 ნაკვეთი გადაეცემა

საპატრიარქო სახელმწიფოსგან მიწის სამ ნაკვეთს მიიღებს, ჯამში, 222 063 კვადრატული მეტრს. მათგან ორს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, ერთს კი – უსასყიდლო უზრუნველყოფის უფლებით, 99 წლის ვადით.

შესაბამისი განკარგულებები პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე 13 სექტემბერს გამოსცა.

საპატრიარქოსთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთთაგან ერთი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყელქცეულში მდებარეობს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი 215 389 კვადრატული მეტრია. ქონების ეროვნული სააგენტო, პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მიწის ნაკვეთს საპატრიარქოს 99-წლიანი სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადასცემს.

1 ლარად იყიდა საპატრიარქომ სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთები მცხეთასა და თბილისში.

დედაქალაქში, საბურთალოს რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების #41ა-ში მდებარე 1004 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთთან ერთად საპატრიარქო ტერიტორიაზე არსებულ სამ შენობასაც მიიღებს. ეს ტერიტორია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.

ამავე დანიშულებისაა მცხეთაში არსებული ტერიტორიაც. თუმცა მიზნობრივი დანიშულება დაახლოებით 1 თვის წინ, ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით შეეცვალა. იქამდე, სოფელ კევლიანში მდებარე 5670 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშულების იყო. ცვლილების შემდეგ ტერიტორია საპატრიარქოს არასასოფლი-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის სტატუსით გადაეცემა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამ განკარგულებების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება დაავალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი