საზოგადოება

საქართველოს შეუჩერეს იმ საერთაშორისო გაერთიანების წევრობა, რომლის ლიდერიც ერთ დროს იყო

16 ოქტომბერი, 2024 •
საქართველოს შეუჩერეს იმ საერთაშორისო გაერთიანების წევრობა, რომლის ლიდერიც ერთ დროს იყო

ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) საქართველოს წევრობა შეუჩერდა.

აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ OGP-დან წევრობის შეჩერებაზე ინფორმაცია მთავრობამ დღეს, 16 ოქტომბერს, მიიღო.

OGP-მ წევრობის შეჩერებაზე საქართველოს მთავრობა მაისში გააფრთხილა. გაზაფხულზე, რუსული კანონის მიღების დროს, OGP-მ მთავრობას მოუწოდა, უკან გაეწვია კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუანონსა, რომ შესაძლებელი იყო, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეჩერდებოდა.

რა არის ღია მმართველობის პარტნიორობა

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 2011 წლის 20 სექტემბერს დაფუძნდა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. დღეს OGP აერთიანებს 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომლებიც ღია, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის დასამყარებლად მუშაობენ.

ორ წელიწადში ერთხელ წევრი ქვეყნები OGP-ის წარუდგენენ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით მომზადებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც მთავრობის კონკრეტული ვალდებულებებია გაწერილი.

საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა და 2020 წლის მდგომარეობით, 4 სამოქმედო გეგმა განახორციელა.

საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი 2014 წლიდან იყო.

დაფუძნებიდან დღემდე OGP-ის ფარგლებში, მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, გლობალურად განხორციელდა 4000-ზე მეტი ღია მმართველობის რეფორმა.

წლების წინ საქართველო OGP-ში ლიდერი ქვეყანა იყო. 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს საქართველომ თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო კიდევ ერთხელ აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით. საქართველო OGP-ის წევრი ქვეყნების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნებოდა, სადაც ღია მმართველობის პროცესში სრულად ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო.

თუმცა, ბოლო წლებში ხელისუფლების პოლიტიკის მკვეთრად შეცვლის შემდეგ, ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე, OGP-ის საერთაშორისო სამდივნომ „რეაგირების მექანიზმი“ (OGP Response Policy) აამოქმედა. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს OGP საერთაშორისო სამდივნოს, პარტნიორი დონორი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გაზრდილ ჩართულობას შექმნილი კრიზისის მოგვარებაში.

OGP-იმ შეისწავლა სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა და დაადგინა, რომ მთავრობის ქმედებები შეუსაბამოა OGP-ის ღირებულებებსა და პრინციპებთან. საქართველოს მთავრობას მიმდინარე წლის მაისში 30- დღიანი ვადა მისცეს, რათა წარედგინა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გადაჭრიდა „რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებს, რომელთა შორის იყო პარლამენტში ინიციირებული რუსული კანონი. საბოლოოდ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი