ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრო აბსურდულს უწოდებს უკრაინის დაზვერვის ბრალდებას

4 აპრილი, 2022 • 981
ფინანსთა სამინისტრო აბსურდულს უწოდებს უკრაინის დაზვერვის ბრალდებას

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს, თითქოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი“, — აცხადებს ფინანსთა სამინისტრო და დასძენს, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის შეტანაზე საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება — უკრაინის დაზვერვა

გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით, რომ ასე არ შეიძლება — უკრაინის ვიცე-პრემიერი საქართველოს

მასალების გადაბეჭდვის წესი