საზოგადოება

გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით, რომ ასე არ შეიძლება — უკრაინის ვიცე-პრემიერი საქართველოს

4 აპრილი, 2022 • 5444
გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით, რომ ასე არ შეიძლება — უკრაინის ვიცე-პრემიერი საქართველოს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ არ აქვს საფუძველი, არ ენდოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის შეტანაზე საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით.

„საუბარი არ არის პასტაზე და წიწიბურაზე. საუბარია სამხედრო ტექნიკაზე, ნაწილებზე. თუ ეს ყველაფერი მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯერო ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, რატომ არის ეს შესაძლებელი, რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, სპეცსამსახურებს მისცენ ბრძანებები, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე“, — განაცხადა ვერეშჩუკმა „ფორმულას“ ეთერში.

ვერეშჩუკის თქმით, უკრაინა მადლიერია ქართველი ხალხის თანადგომით, მაგრამ პრემიერ-მინისტრს [ირაკლი ღარიბაშვილს] არ ესმის, რა მოხდება მომავალში, თუ დღეს არ გააჩერებენ რუსეთს.

„არ გამოვა მტკიცება, რომ ჩვენ ნეიტრალურები ვართ, ვერ შევუერთდებით სანქციებს, მოდით, გავხსნათ ავიახაზები… არ შეიძლება ასე საუბარი. თქვენ ამან 2008 წლის ომისგან ვერ გადაგარჩინათ და ვერც ახლა გადაგარჩენთ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველ ხალხს, რომელსაც მე ქუჩებში ომის წინააღმდეგ გამოსულს ვხედავდი, არ უნდათ, რომ მათ მიერ არჩეული ხელისუფლება ასე იქცეოდეს უკრაინასთან დაკავშირებით. მე ყოველდღე ვუყურებ რუსი სამხედროების ჩადენილ მხეცობას და ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები — ჩვენი დები და ძმები — საშუალებას მისცემთ, რომ რუსეთში კონტრაბანდის გზით შედიოდეს იარაღი, რომლითც კლავენ ჩვენს ქალებს და ბავშვებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ და რატომ მოხდა ეს, რა გავაკეთეთ ასეთი, შეგიძლიათ, გვიპასუხოთ? თქვენ ხომ ამაყი ქართველი ხალხი ხართ, თქვენ ხომ ვერ დაუშვებთ, რომ თქვენი ხელისუფლება ასე იქცეოდეს, თქვენ უნდა თქვათ „არა“, — განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ირინა ვერეშჩუკის თქმით, 2008 წელს საქართველოს აბრალდებდნენ, რომ თავს დაესხა რუსეთს, ახლა უკრაინას აბრალებენ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას, ქართველ ხალხს საკუთრ თავზე აქვს გამოცდილი რუსეთის აგრესია.

„გთხოვთ, ადამიანებო, გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით მათ, რომ ამისგან კარგი არაფერი გამოვა, რომ ასე არ შეიძლება. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას. ხედავთ, როგორ გვინდა მშვიდობა დადგეს. მაგრამ თუ თქვენ არ დაგვეხმარებით… თქვენ ხომ იცით, რა ხდება. მოდით, გავერთიანდეთ. მე არ გეუბნებით, რომ იბრძოლოთ ჩვენ გამო და მოგვცეთ იარაღი, მაგრამ ის მაინც ქენით, რომ არ დაუშვათ კონტრაბანდული იარაღის თქვენს ტერიტორიაზე გავლა. ეს პატარა ნაბიჯი მაინც გადადგით ომის გასაჩერებლად“, — მიმართა ვერეშჩუკმა საქართველოს.

ვერეშჩუკის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ზურგს უკან ელაპარაკება მოსკოვს და ფიქრობს, რომ სანაცვლოდ რუსეთისგან რამეს მიიღებს, მაგრამ ეს არ მოხდება.

„კარგი ურთიერთობა გვაქვს თქვენთან და ძალიან გთხოვთ, რომ თქვენმა ხელისუფლებამ არ გააფუჭოს ეს ურთიერთობები. არ გვინდა, რომ შემდეგმა თაობებმა იჩხუბონ იმის გამო, რაც ახლა ხდება“, — დასძინა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ვერეშჩუკის თქმით, არ იცის დეტალები საქართველოს გავლით კონტრაბანდული ტვირთის გატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ჟურნალისტები შესაბამის ორგანოებს მიმართავენ, ისინი მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას.

„სამწუხაროდ, ჩვენი დაზვერვა არ ცდება. გვინდა, რომ ცდებოდეს, მაგრამ არა“, — დასძინა მან.

ირინა ვერეშჩუკის ინტერვიუს სინქრონული თარგმანი ასევე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეკუთვნის.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება — უკრაინის დაზვერვა

მასალების გადაბეჭდვის წესი