უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი სანქცირებული პროდუქტის ქვეყანაში შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს. საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი ხელს აფარებს კონტრაბანდისტების საქმიანობას.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
“საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების თავიდან არიდების მიზნით, რუსეთის აგენტები კონტრაბანდულ არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში”, – ნათქვამია სამმართველოს განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზეც მიდის საუბარი.
სამმართველო ასევე აცხადებს, რომ რუსეთისთვის სამხედრო საქონლის მიწოდების კიდევ ერთი არხი არის აღმოსავლეთ აზია. დაზვერვის მტკიცებით, მისი მეშვეობით რუსეთში შედის მანქანების, ელექტროტექნიკის და ოპტიკური მოწყობილობების სათადარიგო ნაწილები.
უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.