ახალი ამბები

5-6 ივლისის საქმეზე სარჩელი სტრასბურგმა განსახილველად დაარეგისტრირა – Tbilisi Pride

1 აპრილი, 2022 • 1377
5-6 ივლისის საქმეზე სარჩელი სტრასბურგმა განსახილველად დაარეგისტრირა – Tbilisi Pride

Tbilisi Pride-ს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად დაარეგისტრირა საქმე: „თბილისი პრაიდი“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.

„აღნიშნული საქმე ეხება გასული წლის 5-6 ივლისის მოვლენებს – ძალადობრივი ჯგუფების მიერ “ღირსების მარშის” ორგანიზატორებისა და ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას.

მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს სთხოვენ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-3 და მე-11 მუხლებთან კავშირში, რაც გულისხმობს დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მომჩივნები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლების დაზარალებულად არცნობაზე.

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მყოფ ადამიანებს, მათ შორის, 53 ჟურნალისტს სცემეს.

მოვლენების დროს არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამდა პოლიციის უმოქმედობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი