ახალი ამბები

რა გამოწვევების წინაშეა შინმოვლის პრაქტიკა საქართველოში – კვლევა

30 მარტი, 2022 • 875
რა გამოწვევების წინაშეა შინმოვლის პრაქტიკა საქართველოში – კვლევა

„საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ცენტრმა”, ფონდ „ღია საზოგადეობა – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, შეისწავლა საქართველოში შინმოვლის განვითარების პრაქტიკა და ანგარიში მოამზადა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში შინმოვლის შესწავლამ აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტების მიხედვით მომსახურებები ძალიან განსხვავებული შინაარსისა და მოცულობისაა. კერძოდ, ამ დრომდე, მომსახურება არსებობს და ვითარდება დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ცალკეული მუნიციპალიტეტების ძალისხმევით.

მომსახურების შესახებ ჩამოყალიბებული სახელმწიფო ხედვის და განსაზღვრული პოლიტიკის არარსებობის გამო კი, კვლევის ავტორების თქმით, ეს პროცესი არაორგანიზებულად და ქაოსურად მიმდინარეობს, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით შინმოვლა ფრაგმენტულად და არათანაბრად არის განვითარებული, არ არსებობს შინმოვლის ერთიანი გაგება და მიდგომა მუნიციპალიტეტებს, ასევე, მიმწოდებლებს შორისაც.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ აქედან გამომდინარე, განსხვავებულია სამიზნე ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმები, მომსახურების განხორციელების მექანიზმები, დაფინანსება, ხარისხი.

ანგარიშის მიხედვით, იშვიათი და მცირე მასშტაბის გამონაკლისების გარდა, არ არსებობს მომსახურების სრულად სახელმწიფო/მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსების შემთხვევები. მუნიციპალიტეტების მიერ მომსახურების მცირე თანადაფინანსების წინაპირობაც, ძირითად შემთხვევებში, დონორი ორგანიზაციების არსებობაა, რაც ხელს უშლის მომსახურების სტაბილურ მიწოდებას, მდგრადობას და პროგნოზირებად განვითარებას.

ჯამურად, კვლევის ავტორების განცხადებით, შინმოვლის პროგრამებში დონორული დაფინანსების წილი შეადგენს 74,6%-ს, შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილი დაფინანსების წილი 25.4%-ია.

გარდა შინმოვლის პროგრამებისა, მუნიციპალიტეტების მიერ სხვა საბიუჯეტო მუხლებიდან ფინანსდება საქართველოს წითელი ჯვრის მიერ განხორციელებული შინმოვლის მომსახურებებიც. საქართველოს წითელი ჯვრისთვის განკუთვნილ ამ ასიგნებებში დონორულ და/ან საკუთარ სახსრებსა და მუნიციპალურ ხარჯებს შორის თანაფარდობა არის 91,3%, 8,7%-ის წინააღმდეგ.

კვლევის მიხედვით, შინმოვლის მომსახურება (კომპონენტები), სხვადასხვა შინაარსითა და მოცულობით, ხორციელდება საქართველოს 28 მუნიციპალიტეტში 14 მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე შინმოვლის მომსახურებაში ჩართული მოსარგებლეების რაოდენობა გაორმაგებულია და, ჯამში, 2,590 პირს შეადგენს, თუმცა ეს არის  შინმოვლის საჭიროების მქონე პირთა მხოლოდ 3,57 %.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შინმოვლის განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების დეფიციტი. არსებული მომსახურების მიწოდებაში, კვლევის ავტორების თქმით, ამჟამად ჩართულია 185 ადამიანი, მათ შორის, 106 პროფესიონალი.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დონორებისა და დაინტერესებული ორგანიზაციების ძალისხმევით შექმნილია შინმოვლაში დასაქმებისთვის საჭირო მოსამზადებელი და გადასამზადებელი სასწავლო პროგრამები, რომელთა დამსახურებით, სათანადო დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო რაოდენობის კვალიფიციური კადრების მომზადება.

„მომსახურების არსებული დაფინანსება უმეტეს შემთხვევაში არ არის საკმარისად ხარისხიანი კვალიფიციური შინმოვლის მომსახურების მიწოდებისთვის. არსებულ მომსახურებებში ერთ მოსარგებლეზე გაწეული გასაშუალოებული ხარჯი შეადგენს თვეში 143.6 ლარს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ განხორციელებულ (სათემო/არაპროფესიულ) მომსახურებებში ერთ მოსარგებლეზე გაწეული საშუალო ხარჯი შეადგენს თვეში 40.1 ლარს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევის ავტორების განცხადებით, დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური, მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსის და სხვა ფაქტორების გამო, ზოგადად, მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, საქართველოში სულ უფრო იზრდება და აუცილებელი ხდება შინმოვლის განვითარების საჭიროება. ამ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირების ღონისძიებებს წარმოადგენს:

  • შინმოვლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა და შინმოვლის შესახებ სახელმწიფო ხედვისა და პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც აისახება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სტრატეგიულ დოკუმენტებში;
  • მომსახურების ხარისხის სახელმწიფო სტანდარტების მომზადება/დამტკიცება;
  • მომსახურების განხორციელების სარეკომენდაციო სახელმძღვანელოს („გაიდლაინის“) შემუშავება;
  • სახელმწიფო პროგრამებში შინმოვლის ინტეგრირება და სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი რესურსის გათვალისწინება;
  • სახელმწიფო სტანდარტის შემოღებამდე, მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული მომსახურებების პროგრამული ჩარჩოს განსაზღვრა და ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან გამოყოფილი მსგავსი ღონისძიებების შინმოვლის ეფექტურ მომსახურებებში კონსოლიდირება;
  •  შინმოვლის საჭიროების მქონე პირთა გამოვლენის და მომსახურებაში ჩართვის მექანიზმის ჩამოყალიბება;
  • მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სისტემის შექმნა;
  • შინმოვლის სრული და ხანმოკლე სასწავლო სასერტიფიკაციო სატრენინგო კურსის მსურველთათვის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებით დაფინანსება.

დოკუმენტის ავტორების თქმით, კოალიციის „შინმოვლა საქართველოში“, საქართველოს კარტასის, წითელი ჯვრის და სხვა ორგანიზაციების ძალისხმევით შექმნილია მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ბაზა, მომსახურების პროგრამა, სტანდარტები, ხარისხის მართვის სახელმძღვანელო, პერსონალის გადამზადების კურიკულუმი, აპრობირებულია სხვადასხვა შეფასების ინსტრუმენტები, მომსახურებაში ჩართული ადამიანური რესურსების და მომსახურების მიმწოდებლების საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ა.შ.

შესაბამისად, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შინმოვლის მომსახურების სისტემური ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არსებობს აუცილებელი მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული რესურსი, რასაც შეიძლება დაეყრდნოს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა, პოლიტიკა და სტრატეგია.

დოკუმენტს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი