ახალი ამბები

2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, შეიძლება, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით — ზურაბიშვილი

27 მარტი, 2022 • 1547
2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, შეიძლება, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე ისაუბრა.

ამ კონტექსტში ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომი ახსენა და თქვა, რომ თბილისისადმი მეტი მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლოა, დღეს სხვა სურათი ყოფილიყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

“შეიძლება, ვიფიქროთ ჩვენც, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო კარგად დანახვა რუსეთისა, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო არ იქნებოდა, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში…

მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება — რაც იყო, ის არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ აქ ჩვენი მთლიანი სოლიდარობა უკრაინისა და მისი შეუდარებელი ბრძოლის მიმართ, რამეთუ უკრაინელები დღეს იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის — როგორც ქართველებმა [იბრძოლეს] არაერთხელ, საუკუნეების მანძილზე — მაგრამ ასევე იბრძვიან ყველას თავისუფლებისთვის. იბრძვიან ხვალინდელი მსოფლიოსთვის”, — დასძინა მან.

პრეზიდენტის სიტყვებით, “ყველამ ვიცით, რომ ხვალინდელი მსოფლიო იქნება სხვა”.

“როგორი იქნება ხვალინდელი რუსეთი, ხვალინდელი ევროპა, ხვალინდელი ჩართულობა ამერიკისა ამ ახალ ვითარებაში, ამას დღეს ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთი რამ, შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ ხვალინდელი მსოფლიო არასოდეს აღარ იქნება ის, რაც იყო აქამდე.

და ამის დამსახურება არის უდავოდ უკრაინელების დამსახურება. ამიტომ დღეს, თუ ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა: გვინდა კიდევ უფრო ძლიერი ამერიკა… კიდევ უფრო ჩართული ამერიკა, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა უკრაინისთვის.

ჩვენ ამას ჩვენთვის არ ვითხოვთ, მაგრამ რეალურად, ჩვენთვისაც ვითხოვთ, მათთვისაც და დანარჩენი ევროპისთვისაც. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, გადამწყვეტი პერიოდი და ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა დავინახოთ”, — აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის სიტყვებით, “ყველას არ შეუძლია, ერთნაირად გამოხატოს ეს სოლიდარობა. არიან პატარა და დიდი ქვეყნები, არიან სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობაში მყოფი ქვეყნები”.

“ვიცით, ჩვენ არ გვიცავს [ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების] მე-5 მუხლი[კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება]. და ეს არის ჩვენი მისწრაფება, რომ ერთ დღეს ჩვენც ვიყოთ იმ ხაზის მეორე მხარეს, სადაც შეიძლება, იყო უფრო გამბედავი და სხვანაირად გამოთქვა შენი ხედვა და მხარდაჭერა,მაგრამ სოლიდარობა ყველას გვევალება და ყველანი სოლიდარული ვართ დღეს უკრაინელი ხალხის მიმართ.

ჩვენ მათ მადლობას ვუცხადებთ, მადლობას ვუცხადებთ ამერიკის სახელმწიფოს მისი მთელი ამ წლებისთვის, მისი პოლიტიკისთვის.

ჩვენ მას ვთხოვთ, რომ ხვალინდელი დღეც დადგება, ომის შემდეგი დღე, როცა დაიწყება აღმავლობა, აღმშენებლობა და იქაც საჭირო იქნება ძალიან დიდი ჩართულობა, ახალი „მარშალის გეგმა“, ალბათ, უკრაინისთვის, ახალი მიდგომები ახალი მსოფლიოსთვის,  მეტი ჩართულობა აქაც.

კავკასია და შავი ზღვა ის რეგიონებია, რომლებიც გვინდა-არ გვინდა გახდება ბევრად უფრო სტრატეგიული, ვიდრე იყო აქამდე დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე”, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

იყო აქ აშშ-ის პრეზიდენტი, მგონი დროა, ეს გავიმეოროთ — ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი