საზოგადოება

იყო აქ აშშ-ის პრეზიდენტი, მგონი დროა, ეს გავიმეოროთ — ზურაბიშვილი

27 მარტი, 2022 • 3987
იყო აქ აშშ-ის პრეზიდენტი, მგონი დროა, ეს გავიმეოროთ — ზურაბიშვილი

“გვინდა კიდევ უფრო ძლიერი ამერიკა… კიდევ უფრო ჩართული ამერიკა, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა უკრაინისთვის”, — თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, “საქართველოში დაგვიანდა მაღალი დონის ვიზიტები”.

“ქართველი ხალხი ამას ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. იყო აქ ამერიკის პრეზიდენტი, მივიღეთ ის როგორც არცერთი სხვა ქვეყნის და მე მგონი, დრო არის, რომ ეს გავიმეოროთ.

მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ამერიკას და საქართველოს, რომ ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდეს მრავალი წელი და კიდევ უფრო მჭიდრო იყოს. მინდა, ვუსურვო უკრაინას, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, რამეთუ მისი გამარჯვება იქნება ჩვენი, ყველას გამარჯვება.

გაუმარჯოს საქართველოს, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, დიდება უკრაინას!“- განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვის დასასრულს.

ამავე ღონისძიებაზე ზურაბიშვილი შეეხო რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, გაიხსენა აგვისტოს ომიც და დასძინა, რომ 2008 წელს თბილისისადმი მეტი მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლოა, დღეს სხვა სურათი ყოფილიყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, შეიძლება, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით — ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი