რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის, ვიტალი საველიევის განცხადებით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსული კომპანიების მფლობელობაში არსებული 78 სამოქალაქო თვითმფრინავი უცხოეთში დააკავეს.
ინფორმაციას Interfax ავრცელებს.
„(სანქციებამდე) ჩვენ გვყავდა 1 367 თვითმფრინავი. დავკარგეთ 78 მათგანი. ეს თვითმფრინავები დააპატიმრეს ფრენების დროს“, – განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა.
მისი განცხადებით, თვითმფრინავები დააკავეს რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებშიც, მათ შორის, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
მისი განცხადებით, რუსეთი ცდილობს მოელაპარაკოს დასავლურ სალიზინგო კომპანიებს, რომლებსაც განკარგვის მიზნით გადაცემული აქვთ თვითმფრინავები რუსული კომპანიებისთვის, თუმცა, მინისტრის თანახმად, დასავლური კომპანიები მოლაპარაკებებზე უარს აცხადებენ.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა ასობით დასავლურმა სახელმწიფომ, ათეულობით ქვეყანამ ჩაუკეტა საჰაერო სივრცე. იმის გამო, რომ რუსულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავები ძირითადად ლიზინიგით აქვთ სარგებლობაში, ისინი ვალდებულნი არიან მეპატრონეს დაუბრუნონ საჰაერო ხომალდები. რადგან ამას საკუთარი ნებით არ აკეთებენ, ყველა ასეთ თვითმფრინავს დაკავება ემუქრება რუსეთის ფარგლებს გარეთ გასვლის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, რუსულმა ავიაკომპანიებმა საერთაშორისო ავიამიმოსვლა, პრაქტიკულად, შეაჩერეს.