ახალი ამბები

პრეზიდენტმა ყველას მჭლე სამიანი დაგვიწერა, თუმცა ვიმსახურებდით — უსუფაშვილი

14 მარტი, 2022 •
პრეზიდენტმა ყველას მჭლე სამიანი დაგვიწერა, თუმცა ვიმსახურებდით — უსუფაშვილი

“ლელოს” წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით უსუფაშვილი ეთანხმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას და ამბობს, რომ ქვეყნის მართვის სისტემა შესაცვლელია. ამის შესახებ უსუფაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას, დღეს, 14 მარტს განაცხადა.

“მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო, და ყველას სიმხნევეს გისურვებთ, ვინაიდან ქალბატონმა სალომემ ჩვენ ყველას ერთად ცოტა ხნის წინ მჭლე სამიანი დაგვიწერა, მაგრამ, მოდით, გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით. გამოსავალიც გვაჩვენა და თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, შევძლებთ, რომ შევასრულოთ ჩვენი როლი და დანიშნულება ამ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ქვეყანაა.

მე ძალიან ბევრი მოხსენება მომისმენია პარლამენტში და არამარტო მომისმენია. მინდა, თავიდანვე განვაცხადო, რომ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადეკვატური და სახელმწიფოს მეთაურისებრი. ანუ, მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ყველამ ერთად, რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ ის პრობლემები, რაც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალიც”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ახლა საგანგებო ვითარებაა და ოკუპაციის და ომის საფრთხის პირობებში ქვეყანას ერთიანობა მართებს.

უსუფაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ როდესაც ასეთ ვითარებაში პრეზიდენტს უცხოეთში გამგზავრება სურს ოფიციალური ვიზიტით, ვინმე “არათუ ნებართვას არ აძლევდეს, არამედ პარლამენტი და პრეზიდენტი ერთად არ მუშაობდეს საერთო საქმის გაძლიერებისთვის”.

“დაუშვებელია ის, რომ პარასკევს ერთად ვერ მოვახერხეთ აქ შეკრება იმის სათქმელად, რაც მერე სამშაბათს ცალმხრივად გაკეთდა ამ დარბაზში. ამასობაში ხელიდან გაგვექცა სადავეები და უკრაინის და ომის და უსაფრთხოების თემაც ჩადგა ჩვეულებრივ რიგში შიდაპოლიტიკური დაპირისპირების და იწილო-ბიწილოში და ამით ვაზიანებთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ სამშობლოს. ამიტომაა შესაძლებელი ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომ ჩვენ სახელმწიფო ვერ დავამკვიდრეთ, და ეს მხოლოდ ბოლო 10 წელიწადში არ მომხდარა, არც იმის წინა 9 წელიწადში, არც იმის წინა 8 წელიწადში”, – განმარტა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში სისტემური ცვლილებებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს:

“ეს უნდა გავიაზროთ ყველამ, რომ სისტემაა შესაცვლელი და სისტემური ცვლილებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივ მოვლენად იქნება, რომ პრემიერს არ ეცლება პარლამენტში მოსასვლელად. ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ უმრავლესობა ჩაკეტავს შემოსასვლელ დარბაზს. ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ ოპოზიცია მუხლჩაუხრელი მუშაობის ნაცვლად პარლამენტში მთელი წელი ხან არშემოსვლის, ხან შემოსვლის და ხან არგასვლის გამართლებაში იქნება და ინსტიტუციურად ვერ შედგება პარლამენტი.

ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ის, რომ მრავალპარტიულობის დამკვიდრების ნაცვლად, ჩვენთან იმართება მრავალი პარტიის შეჯიბრი ერთპარტიულობის ხელში ჩასაგდებად, ერთპარტიული ძალაუფლების მოსაპოვებლად და მერე მისი ხელიდან აღარ გასაშვებად.

ჩვეულებრივ ამბად იქნება ის, რომ ხელისუფლება აბსოლუტურ ხელისუფლებად იქნება ჩათვლილი, რომელიც შეგიძლია აბსოლუტურად გამოიყენო მომდევნო არჩევნებში საკუთარი გამარჯვების უზრუნველსაყოფად. სისტემაა შესაცვლელი და ქალბატონი პრეზიდენტის მოხსენებაში მე ამ დამატებას შევიტანდი. რომ სისტემურ ცვლილებას სჭირდება სისტემური მიდგომა და ის მტრობა და შუღლი, რომელიც ქვეყანას ანგრევს ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში და ხიფათებს ზრდის შემცირების ნაცვლად, ერთ დღეში არ წარმოშობილა”, – თქვა უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილმა ზურაბიშვილიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში “მტრობამ, შუღლმა და შავმა პიარმა” მაქსიმუმს სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებისას მიაღწია, რასაც ხანგრძლივი გავლენა აქვს მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებზე.

“…ამიტომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ყოველ სიტყვას, ყოველ ქმედებას, ახლა მაინც, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანას არა მხოლოდ უზარმაზარი საფრთხეები ემუქრება, არამედ გაუჩნდა უზარმაზარი შანსებიც”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 14 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიცია და ხელისუფლება გააკრიტიკა. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა თუ რატომ “სცოდავს ქვეყნის წინაშე” ორივე მხარე.

ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი