ახალი ამბები

ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს, რასაც ღირსება გვკარნახობს — ზურაბიშვილი

14 მარტი, 2022 • 1289
ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს, რასაც ღირსება გვკარნახობს — ზურაბიშვილი

„ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

„ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერც ერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის ერთპიროვნულად წარდგენის გამო.

„ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა. ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დღეს ორივე მხარე — პოზიციაც და ოპოზიციაც — სცოდავს ქვეყნის წინაშე.

„უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს. ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ის ეთანხმება ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება, ოპოზიციას კი— იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი