ახალი ამბები

რა “დროა” კეტჩუპის და ფქვილის? ეს “სირცხვილია”! – ზურაბიშვილმა ოპოზიციაც გააკრიტიკა

14 მარტი, 2022 • 1325
რა “დროა” კეტჩუპის და ფქვილის? ეს “სირცხვილია”! – ზურაბიშვილმა ოპოზიციაც გააკრიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიცია და ხელისუფლება გააკრიტიკა. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა, თუ რატომ “სცოდავს ქვეყნის წინაშე” ორივე მხარე.

ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიცია “სცოდავს”, როდესაც ცდილობს, ქვეყნის გარეთ საქართველოს სახელი ისე წარმოაჩინოს, თითქოს საქართველომ “შიში ამჯობინა ღირსებას” და ქვეყანა  ევროკავშირში გაწევრიანების ან ნატოსთან და აშშ-თან პარტნიორობის ღირსი არაა.

ამასთან, მისი თქმით, შეცდომაა, როდესაც ოპოზიცია ამტკიცებს, რომ “მთავრობამ, მაშასადამე ქვეყანამ”,  პროდასავლური კურსი შეცვალა.

“ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიცია “სცოდავს”, როდესაც პოლიციას და პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებს. ზურაბიშვილი განმარტავს, რომ სწორედ ეს ინსტიტუტია ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, განსაკუთრებით კი, ასეთ დაძაბულ პერიოდში.

“მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“!”, – თქვა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს შექმნილი საერთაშორისო ვითარება გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მისაღწევად.

“ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე, რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას, და პროვოკაციებს არ თუ ვერ ელევა”, – განმარტა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, პრეზიდენტის თქმით, „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“, და ამას არ აქვს გამართლება.

“სიფრთხილისა თუ შიშის ვერც ერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ გარკვეულ საკითხებში ორივე მხარეს ეთანხმება. კერძოდ, მისი თქმით, ხელისუფლებას ეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ “გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება”, ოპოზიციას კი- იმასთან დაკავშირებით, რომ “გარკვეული გამბედაობა შეგვიძლია”.

ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს, რასაც ღირსება გვკარნახობს — ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი