საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მარიუპოლში საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება, რომლის დროსაც ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები დაინგრა, და მომხდარს ბარბასობად აფასებს.
„არაფერია იმაზე გამანადგურებელი, ვიდრე იმის მოსმენა, თუ რა ბარბაროსული გზით დაიბომბა გუშინ მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას დაუცველ, უდანაშაულო მოქალაქეებზე. ეს სამარცხვინო ხოცვა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. შეწყდეს რუსული აგრესია“, – დაწერა ზალკალიანმა ტვიტერზე.
It is nothing short of devastating to hear of the barbaric bombing of maternity & children’s hospital in #Mariupol. We #StandWithUkraine & strongly condemn this cowardly attack on defenseless, innocent civilians. This shameful massacre must end immediately #StopRussianAggression
— David Zalkaliani (@DZalkaliani) March 10, 2022
9 მარტს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბეს. მათი ინფორმაციით, დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს დაშავებული ორსული ქალი, რომელიც ადგილიდან საკაცით გაჰყავთ. კადრების თანახმად, შენობა ძლიერ დაზიანებულია.
უკრაინული მხარის ცნობით, მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და დაშავდა 17, მათ შორის ფეხმძიმე ქალები. მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, გუშინ, 9 მარტს სამშობიაროზე შეტევა მიზანმიმართულად განხორციელდა.
მიზანმიმართული შეტევის შესახებ BBC-თან საუბრობს მარიუპოლის მერი, სერგეი ორლოვი:
“სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ დაწესებულების შესახებ იცოდნენ. ეს მესამე საავადმყოფოა, რომელიც ქალაქში დაანგრიეს”, – განაცხადა ორლოვმა.
მისი თქმით, წინა დღეებში დაბომბვის შედეგად მარიუპოლში 300-საწოლიანი კოვიდ-კლინიკა და სისხლის შემგროვებელი ცენტრი განადგურდა. ორლოვი დარწმუნებულია, რომ კლინიკებზე თავდასხმა მათ მიზანს წარმოადგენდა.