ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პროფკავშირებმა თბილისში, რუსთაველის მეტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა 8 მარტის მანიფესტი წაიკითხეს და ხაზი გაუსვეს გენდერულ უთანასწორობას საქართველოში.
მანიფესტი უკრაინის მხარდამჭერი ტექსტით იწყება:
“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის ყველა მოქალაქეს ამ მტანჯველ პერიოდში და მხარს ვუჭერთ ყველა სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც ომის შეჩერებისკენ იქნება მიმართული…
მშვიდობიანი გარემო ადამიანის საბაზისო უფლებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გამუდმებით ირღვევა, მშვიდობიან პერიოდშიც კი. ყოველდღიური მშვიდობა, კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებაში თუ მის მიღმა, მიუღწეველია ქალებისთვის და ჩვენ განგრძობით კრიზისში გვიწევს ცხოვრება და გადარჩენა. ამიტომ გამოვდივართ 8 მარტს, რადგან ეს დღე ჩვენი სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრისგან გათავისუფლებისთვის მშვიდობიანი ბრძოლის დღეა. რადგან ჩვენი უფლებები კონფლიქტურ, პოსტკონფლიქტურ თუ მშვიდობიან პერიოდში გამუდმებით ირღვევა”, – ნათქვამია მანიფესტში.
მათი თქმით, ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა ქვეყნის პოლიტიკის დღის წესრიგში პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ასევე, აღნიშნეს, რომ ყოველდღიური სამსახურის დასრულების შემდეგ, რაც კვირაში 40 საათსა და მეტს შეადგენს, ქალები სახლში საშინაო შრომას აგრძელებენ. ამასთან, არ აქვთ ღირსეული დეკრეტული შვებულება, სახელმწიფოსგან მხარდაჭერა კი ნომინალურია:
“სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით. გამონაკლის და იშვიათ შემთხვევაში, დამსაქმებელი თავისი სურვილით უხდის მათ ანაზღაურებას. კვლავ მიზერულია და 1000 ლარს არ აღემატება დეკრეტული შვებულების გამო სახელმწიფო დახმარების 6 თვის ოდენობა, თვეში 167 ლარი, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. მის მიღმა კი დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩება, რის გამოც მათი უმეტესობა უმოკლეს ვადებში იძულებულია დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს.
აქ კი იკვეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვეულებრივ, სამსახურში ადრე დაბრუნება არის მიზეზი, რომლის გამოც, როგორც წესი, დედები წყვეტენ ლაქტაციას და უწევთ, არჩევანი გააკეთონ რძის შემცველ ხელოვნურ საკვებზე. მაშინ, როცა ძუძუთი კვება ბავშვებს იცავს ინფიცირებისგან, წარმოადგენს საკვები ნივთიერებების იდეალურ წყაროს, არის ეკონომიური და უსაფრთხო”, – ნათქვამია მანიფესტში.
გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისეთ სექტორებში, სადაც მეტი ქალია დასაქმებული, ხელფასები საგრძნობლად დაბალია, სახელმწიფო კი მინიმალური ხელფასის ოდენობას 20 ლარით განსაზღვრავს, რაც ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმზე, პენსიასა და სოციალურ დახმარებებზე დაბალია.
მანიფესტში აღნიშნულია, რომ 2019 წლის მონაცემებით, 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 526 ადამიანს ჰქონდა, 320 ლარზე ნაკლები კი -126 665 დასაქმებულს. ამასთან, მანიფესტში ნათქვამია, რომ ქალებს 36%-ით ნაკლები ხელფასი აქვთ, ვიდრე კაცებს:
“ჩვენ, ქალები, ვმუშაობთ მთელი თვე, სრულ განაკვეთზე და სახელმწიფო არ გვიცავს იმისგან, რომ დამსაქმებელმა გადაგვიხადოს საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი”, – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები მანიფესტში.
მანიფესტში ასევე საუბარია კორონავირუსის პანდემიის გავლენაზე. ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდში ასიათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური, მათი 65.6% კი ქალია. ეს ყველაფერი კი ამძიმებს ქალების როგორც მატერიალურ, ასევე ყოფით მდგომარეობასაც, რადგან ეკონომიკური დამოუკიდებლობა პირდაპირ კავშირშია ქალების დამოუკიდებლობასთან, რაც ეკონომიკური ძალადობის ერთ-ერთი განმსაზღვრელია.
“ქალები შეუცვლელ როლს თამაშობენ სამუშაო ძალაში. ისინი შეადგენენ მსოფლიო ძალის უზარმაზარ ნაწილს და წარმოადგენენ ბავშვების, ხანდაზმული ნათესავებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრების არაფორმალურ აღმზრდელებს – უხელფასო მუშახელის დიდ ნაწილს. კოვიდ პანდემიის დროს, ჯანდაცვის ორგანიზაციები ძირითადად დამოკიდებულნი იყვნენ ქალებზე, რომლებიც შეადგენენ თანამშრომლების უმრავლესობას.
ქალებისთვის ჯანმრთელობის კარგი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. ქალის ჯანმრთელობა პრიორიტეტი უნდა იყოს როგორც სამსახურში, ასევე, სამუშაოს გარეთ. შვილების გაჩენამდე, დროს და მის შემდეგ. მაგრამ საქართველოში ქალები განიცდიან პერიოდულ სიღარიბეს, ვერ ახერხებენ ჰიგიენური საშუალებების ხარჯების დაფარვას, არ აქვთ სანიტარულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, რის გამოც აცდენენ სკოლას ან სამუშაოს”, – განმარტებულია მანიფესტში.
აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება არ ექცევა და რეგიონებში მცხოვრებ ქალებს ხშირად უწევთ სამშობიაროდ სხვა ქალაქში გადაადგილება. მათი განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნის, როგორც მათ, ასევე ბავშვის ჯანმრთელობას.
ზემოაღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, მანიფესტის ავტორები ითხოვენ:
- დაწესდეს ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების მინიმალური ტარიფი და განისაზღვროს 1.5%-ის სახით!
- განისაზღვროს გონივრული მაქსიმალური ზღვარი ზეგანაკვეთური შრომისთვის!
- ღირსეული მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ქვეყანაში!
- უმუშევრობის შემწეობა;
- ხელფასის სრული ოდენობით ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას და დედობის უფლებას;
- მაღალხარისხიან ჯანდაცვას ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებამდე გონივრულ მანძილს და “მივიჩნევთ, რომ უმნიშვნელოვანესია, დაწესდეს კონტროლი მედიკამენტების ფასებზე. ასევე, მოვითხოვთ, შეიქმნას პროფესიული დაავადებების შემსწავლელი სრულუფლებიანი ინსტიტუტი”;
- ყველა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ღირსეულ საცხოვრისს, “იმ ქალებისთვის, რომელთაც შვილებზე, მოხუცებზე, ოჯახზე ზრუნვის მძიმე ტვირთი აწევთ, რასაც მრავალი წელია, ხშირად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცვლელ გარემოში ასრულებენ”.