გასულ კვირას ჰაკერთა ჯგუფმა “ანონიმუსი” რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა. აღნიშნულის შემდეგ კოლექტივმა პასუხისმგებლობა აიღო არაერთ კიბერთავდასხმაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და სამთავრობო გამოცემების ვებგვერდებზე განხორციელდა.
პარალელურად, საზოგადოების ნაწილში ინტერესი გაიზარდა როგორც ამ კონკრეტული ჯგუფის, ისე ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად მოქმედი პროფესიონალი ჰაკერების საქმიანობის მიმართ.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ 5 ფილმს, რომლებიც სხვადასხვა ფორმითა და სცენარით ასახავს ჰაკერთა საქმიანობას. მათი ნაწილი, დიდწილად, ავტორთა ფანტაზიის ნაყოფია, ნაწილი კი რეალურ ისტორიებს ეფუძნება.
Who Am I / ვინ ვარ მე (2014)
“ვინ ვარ მე” ტექნოტრილერია, რომელიც გერმანელმა რეჟისორმა, ბარან ბო ოდარიმ გადაიღო. სიუჟეტი ახალგაზრდა ბერლინელის, პროფესიონალი ჰაკერის, ბენჯამინის გარშემო ვითარდება.
მორცხვი, უხილავი ბენჯამინი ხშირად იძირება ინტერნეტის სიღრმეებში, სადაც შეუძლია იყოს ის, ვინც თავად სურს. მისი ცხოვრება მკვეთრად იცვლება მაქსთან შეხვედრის შემდეგ, რომლისგანაც პიროვნული თვისებებით განსხვავდება, თუმცა, მთავარი ინტერესებით — არა.
მას შემდეგ, რაც მაქსი თავის მეგობრებს გააცნობს ბენჯამინს, ახალგაზრდები გადაწყვეტენ, დააფუძნონ ჰაკერთა კოლექტივი, რომელიც თავდაპირველად უწყინარი აქტივობებით შემოიფარგლება.
ბენჯამინის ყოველდღიურობა ეტაპობრივად იცვლება: ერთი მხრივ, ცხოვრებაში პირველად, ის რაღაცის ნაწილი ხდება, მეორე მხრივ კი — მის მიმართ მზარდი ინტერესი უჩნდება ახალგაზრდა ქალს, მარის, რომელიც ბენჯამინს სკოლის წლებშივე მოსწონდა.
სიუჟეტი იძაბება და გასართობი წამოწყება სერიოზულ რისკებთან იხლართება, როცა ახალგაზრდა ჰაკერთა კოლექტივით ინტერესდებიან ფედერალური კრიმინალური პოლიცია და ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტო (ევროპოლი).
იწყება გამოძიება, რაც ერთ დროს მორცხვ და უხილავ ბენჯამინს ძებნილ ჰაკერად აქცევს.
The Girl with the Dragon Tattoo / გოგონა დრაკონის ტატუთი (2011)
“გოგონა დრაკონის ტატუთი” ამერიკელმა რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა გადაიღო 2011 წელს, შვედი მწერლისა და ჟურნალისტის, სტიგ ლარსონის რომანს ეფუძნება.
სტოკჰოლმელი ჟურნალისტი მაიკლ ბლომკვისტი იძულებულია, დიდი პროფესიული ჩავარდნის შემდეგ დატოვოს ჟურნალი, რომელშიც წამყვან პოზიციებზე საქმიანობდა.
კარიერის ნგრევის საფრთხის ქვეშ მყოფი ბლომკვისტი თანხმდება მხცოვანი ინდუსტრიალისტის, ჰენრიკ ვანგერის შეთავაზებას, დაწეროს ვანგერების ოჯახის ბიოგრაფია.
თუმცა ის, რაც მდიდარ ვანგერს რეალურად აინტერესებს გამომძიებელი ჟურნალისტისგან, 40 წლის წინათ გაუჩინარებული ძმისშვილის საქმის გახსნა და ბურუსით მოცულ გარემოებებზე პასუხებია.
ასე იწყება იდუმალებით მოცული გამოძიება: საქმეზე მუშაობის პროცესში ბლომკვისტს ახალგაზრდა ქალი, პროფესიონალ ჰაკერი ლიზბეტ სალანდერი უერთდება. ისინი ერთად ცდილობენ საქმის დაფარული დეტალებისა და შოკისმომგვრელი ოჯახური საიდუმლოებების ამოხსნას.
Citizenfour / მოქალაქე ნომერი ოთხი (2014)
ეს არის დოკუმენტური ფილმი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენის შესახებ.
მასთან დაკავშირებული სკანდალი ატყდა 2013 წლის ივნისში, როდესაც ბრიტანულმა The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) ათობით მილიონი ამერიკელის სატელეფონო ჩანაწერებს აგროვებდა.
ამ მასალას მოჰყვა სხვა ცნობებიც როგორც The Guardian-სგან, ისე Washington Post-სგან, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ NSA იყენებდა 9 ინტერნეტ ფირმის სერვერებს, მათ შორის Facebook-ს, Google-ს, Microsoft-ს და Yahoo-ს, რათა თვალყური ედევნებინა ონლაინ კომუნიკაციებისათვის სათვალთვალო პროგრამის მეშვეობით.
მოგვიანებით, The Guardian-მა გაამჟღავნა, რომ გაჟონილი დოკუმენტების უკან CIA-ის ყოფილი კონტრაქტორი, ედვარდ სნოუდენი იდგა.
ფილმი “მოქალაქე ნომერი ოთხი” დოკუმენტალისტმა ლაურა პოიტრასმა გადაიღო. სწორედ მან მიიღო 2013 წელს დაშიფრული მეილი უცნობი პირისგან, რომელიც საკუთარ თავს Citizenfour-ს (მოქალაქე ნომერი ოთხი) სითიზენფორს უწოდებდა.
იმავე წლის ივნისში ლაურა პოიტრასი The Guardian-ისა და Washington Post-ის ორ ჟურნალისტთან ერთად გაემგზავრა ჰონგ-კონგში, მეილის ადრესანტთან შესახვედრად. სწორედ იქ გაირკვა მეილის ავტორის ვინაობა. ინტერვიუები რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდებოდა.
ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ სნოუდენმა დატოვა ჰონგ-კონგი და ეკვადორისკენ გაემართა რუსეთის გავლით. თუმცა, როდესაც თვითმფრინავი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დაეშვა, გაირკვა, რომ აშშ-ს უკვე გაუქმებული ჰქონდა სნოუდენის პასპორტი. აშშ-მა მის წინააღმდეგ ჯაშუშობის მუხლით დაიწყო გამოძიება.
მოსკოვში სნოუდენს დახმარება შესთავაზეს იმ შემთხვევაში, თუ გაამჟღავნებდა მის მიერ მოპოვებულ საიდუმლოებებს, რაზეც, როგორც თავად ამბობს, უარი განაცხადა და არც მომავალში აპირებს რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობას.
სნოუდენმა 40 დღე გაატარა მოსკოვის აეროპორტში და მას შემდეგ, რაც 27 ქვეყნიდან თავშესაფარზე უარი უთხრეს, რუსეთში დარჩა: სწორედ იქ მიიღო მან დროებითი თავშესაფარი და იქ იმყოფება დღემდე.
პოიტრასის დოკუმენტური ფილმი შეიცავს როგორც ჰონგ კონგში ჩაწერილი ინტერვიუების ფრაგმენტებს, ისე სნოუდენის, პოიტრასისა და The Guardian-ის ჟურნალისტის კიდევ ერთი შეხვედრის ამსახველ ჩანაწერებს. აღნიშნული შეხვედრა უკვე რუსეთში შედგა.
Hackers / ჰაკერები” (1995)
“ჰაკერები” ამერიკელი რეჟისორის, აიენის სოფტლის ნამუშევარია.
11 წლის ამერიკელ ბიჭს ადანაშაულებენ ჰაკერულ თავდასხმაში, რომელმაც მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია ნიუ-იორკის სააქციო ბირჟაზე. პოლიცია აჯარიმებს მერფის და 18 წლის შესრულებამდე კომპიუტერის გამოყენებას უკრძალავს.
მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი ხდება და აკრძალვაც უქმდება, მერფი სკოლაში რამდენიმე მეგობარს შეიძენს, საერთო ინტერესებით.
ისინი ერთად აგნებენ სახიფათო კომპიუტერული ვირუსის მეშვეობით დაგეგმილ შეთქმულებას, მაგრამ მათ ჯერ მტკიცებულებებს უნდა მიაგნონ დანაშაულის დასამტკიცებლად, ამისთვის კი თავიანთი კომპიუტერული შესაძლებლობების მობილიზება სჭირდებათ.
“ჩვენ ვართ ლეგიონი” (2012)
ეს ფილმი ეხება ჰაკერთა იმ ჯგუფის საქმიანობას, რომლის მოქმედებებმაც ბოლო დღეებში მსოფლიო აალაპარაკა და ამ სტატიის შთაგონების წყაროდაც იქცა.
ამერიკელი კინორეჟისორის, ბრაიან კნაპენბერგერის ეს ნამუშევარი მოგვითხრობს “ანონიმუსის” საწყისებზე, მის მიერ განხორციელებულ უმთავრეს “ოპერაციებსა” და გარდამტეხ მომენტებზე ჰაკერთა ამ არაფორმალური კოლექტივის ისტორიიდან.
საავტორო უფლებათა დარღვევით, პოლიციის ძალადობით, ონლაინ ცენზურითა და სხვა პრობლემებით უკმაყოფილო, ერთმანეთთან არცთუ მჭიდროდ დაკავშირებულმა ჰაკერებმა წარსულში არაერთი ონლაინ თუ ოფლაინ აქტივობით გამოხატეს პროტესტი.
“ანონიმუსის” სახელთან არაერთი კიბერთავდასხმაა დაკავშირებული. მათ შორის არის ჰაკერული შეტევები რიგი ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ 2011 წლის არაბული რევოლუციების დროს, ისევე როგორც სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული “საოკუპაციო მოძრაობის” ტექნიკური მხარდაჭერა.