ახალი ამბები

პოლონეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი აცხადებენ, რომ უკრაინას თვითმფრინავებს არ მიაწვდიან

2 მარტი, 2022 • 19087
პოლონეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი აცხადებენ, რომ უკრაინას თვითმფრინავებს არ მიაწვდიან

პოლონეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას თვითმფრინავებს არ გადასცემენ.

ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამ ქვეყანას უკრაინისთვის, საერთო ჯამში 70 მოიერიშე და გამანადგურებელი თვითმფრინავი უნდა გადაეცა.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, კირილ პეტკოვის განცხადებით, მის ქვეყანას აქვს ფუნქციონირებადი თვითმფრინავებისა და ნაწილების დეფიციტი და არ გააჩნდა საკმარისი საბრძოლო თვითმფრინავები საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად. შესაბამისად, არ აქვს თვითმფრინავები უკრაინისთვის გადასაცემად.

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თანახმად, „სლოვაკეთი არ გადასცემს საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინას“.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას თანახმად, მისი ქვეყანა არ აპირებდა „უკრაინის საჰაერო სივრცეში რაიმე თვითმფრინავის გაგზავნას, რადგან ეს იქნებოდა სამხედრო ჩარევა უკრაინის კონფლიქტში და რომ ნატო არ წარმოადგენდა კონფლიქტის მხარეს.

გამომდინარე იქიდან, რომ დუდას განცხადება ორაზროვანი იყო, რადგან გააჩინა კითხვები, თუ რას გულისხმობდა იგი- პოლონელი პილოტების პოლონური თვითმფრინავებით უკრაინის საჰაერო სივრცეში გაგზავნას, თუ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას- პოლონეთის პოზიცია პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განმარტა.

„პოლონეთს არ აქვს ასეთი თვითმფრინავები“, – განაცხადა მან.

უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის საკითხი აქტუალური გახდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის პრესკონფერენციის შემდეგ, როდესაც მან განაცხადა, რომ „ევროკავშირი აპირებდა უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემასაც კი“.

ევროპელი დიპლომატების თანახმად, ბორელმა არაფორმალურად ჰკითხა ბულგარეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებს საბჭოთა წარმოების (მოდერნიზებული) თვითმფრინავების გადაცემის შესახებ, თუმცა ქვეყნები აღშფოთდნენ, როდესაც ბორელმა შეუთანხმებელი საჯარო განხადება გააკეთა.

„ (ბორელის მიერ) ასეთი განცხადებების გაკეთება იმავე დღეს, როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ შეკავების ძალები „სამხედრო მზადყოფნის“ ფაზაზე გადავიდა, ზრდიდა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის რისკს“, – განუცხადა ევროკავშირის დიპლომატმა გამოცემას და დასძინა, რომ მაშინაც კი, თუ ქვეყნები მანამდე განიხილავდნენ უკრაინისთვის თვითმფრინავების გაგზავნას, ეს გეგმები შესაძლოა გაუქმებულიყო მას შემდეგ, რაც ბორელმა ისინი საჯარო გახადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი