ახალი ამბები

სანატორიუმ „ქართლის“ დევნილებმა უკრაინელებს დახმარება გაუგზავნეს

28 თებერვალი, 2022 • 2487
სანატორიუმ „ქართლის“ დევნილებმა უკრაინელებს დახმარება გაუგზავნეს

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა უკრაინელ მოქალაქეებს დახმარება გაუგზავნეს. მათ შეაგროვეს როგორც ფული, ასევე პირველადი სამედიცინო საჭიროებების ნივთები.

ნეტგაზეთი ესაუბრა სანატორიუმის ერთ-ერთ მცხოვრებს, ირმა ნაჭყებიას. ის გვიყვება, რომ ეს პირველი ნაბიჯია და მომავალში „ქართლში“ მცხოვრები დევნილები კიდევ აპირებენ დაეხმარონ უკრაინის მოქალაქეებს.

„უპირველეს ყოვლისა იმიტომ გადავწყვიტეთ დახმარება, რომ ეს ომი მარტო უკრაინაში არ არის. ეს ომი ჩვენთანაა. 30 წლის წინანდელი ამბები გაგვახსენდა, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი; ვიცით, რას ნიშნავს, იყო დევნილი; რას ნიშნავს, როდესაც შენი მეგობარი, მეზობელი, ნათესავი ძმა  იბრძვის. ყველა ეს განცდა განგვიახლდა. ფაქტობრივად, მათთან ერთად ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ“, – ამბობს ირმა ნაჭყებია.

ის იხსენებს, რომ მოქალაქეებმა ორგანიზება ფეისბუკ ჯგუფში დაიწყეს – „ყველა ვლაპარაკობდით ერთმანეთში, როგორ შეიძლებოდა დახმარება. ვისაც რა შეეძლო, იმდენი ჩარიცხა: ზოგმა- 5, ზოგმა- 20 ლარი. ასე მოვაგროვეთ ეს თანხა და პატარა წვლილი შევიტანეთ“.

რაც შეეხება სამედიცინო დახმარების ნივთებს, ესენია ძირითადად კათეტერები, ნემსები, ანტისეპტიკური პრეპარატები და სხვა – „ჩვენ ხომ ვიცით, პირველ რიგში რა სჭირდებათ, გავლილი გვაქვს ეს”.

სხვა მოქალაქეების მსგავსად „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა დახმარება მიიტანეს მოძრაობა „სირცხვილიასა“ და სხვა ორგანიზაციებისა თუ პარტიების კამპანიის ფარგლებში. ნეტგაზეთს „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტი, ნოდარ რუხაძე უყვება, რომ საერთო ძალებით წამოიწყეს კამპანია „დაეხმარე უკრაინას“. ამასთანავე, უკრაინის საელჩოსთან შეთანხმებით, ფეისბუკზე გამოაქვეყნეს იმ ნივთების ნუსხა, რომლებიც ახლა უკრაინაში ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მოქალაქეების მიერ მოტანილ ნივთებს აქტივისტები ახარისხებენ და ყოველდღე, 15:00 საათამდე უკრაინის საელჩოში მიაქვთ. საელჩო რამდენიმე დღეში ერთხელ უზრუნველყოფს გზავნილების უკრაინაში გადაგზავნას.


16 იანვარს “ქართლში” მცხოვრებმა 52 წლის კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა, თავი მოიკლა. ოჯახის წევრები და მეზობლები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად გადადგა – რადგან „ქართლი“ ცხოვრებისთვის შეუსაბამოა.

ადგილობრივების განცხადებით, სანატორიუმის შენობაში 140-150 ოჯახი ცხოვრობს. მათი ბინების ფართობები ძირითადად 12-15 კვადრატული მეტრს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დევნილი ცალკე ბინებში გადაიყვანა, თუმცა, ამ დრომდე, ათობით ოჯახი სანატორიუმში ცხოვრებას განაგრძობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი