ახალი ამბები

„ბელარუსი მხარს უჭერს უკრაიანს“ – ტიხანოვსკაია თავს ეროვნულ ლიდერად აცხადებს

26 თებერვალი, 2022 • 1895
„ბელარუსი მხარს უჭერს უკრაიანს“ – ტიხანოვსკაია თავს ეროვნულ ლიდერად აცხადებს

ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც 2020 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბელარუსში მის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გამო ლიეტუვაში ცხოვრობს, მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, ალექსანდრ ლუკაშენკოს მწვავედ აკრიტიკებს და თავს ეროვნულ ლიდერად აცხადებს.

„ბელარუსისა და ბელარუსების სახელით მინდა ხაზგასმის განვაცხადო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის მთავრობასა და ხალხს და სოლიდარულნი ვართ მათ მიმართ“, – ამბობს ტიხანოვსკაია 26 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„ბელარუსი გახდა აგრესორი და ჩვენ გვრცხვენია ამის. რადგან ჩვენ არ აგვირჩევია, რომ აგრესორები ვიყოთ არც ახლა და არც არასდროს ჩვენი ისტორიის განმავლობაში“, – აცხადებს იგი.

„ლუკაშენკომ უღალატა [უკრაინას] – მან ჩვენს ქვეყანას მონაწილეობა მიაღებინა უკრაინაში შეჭრაში. ასე რომ, მე გამოვაცხადე საკუთარი თავი ბელარუსის ეროვნულ ლიდერად, რათა დავიცვა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, წერს იგი.

„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმაროს უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში და მხარი დაუჭიროს ბელარუს ხალხს. არ შეიძლება იარსებოს ნარატივმა, რომ ბელარუსმა დამოუკიდებლობა დაკარგა. ეს ასე არ არის. მთელი ამ დღეების განმავლობაში კავშირზე ვარ ბელარუსებთან, რომელთაც ცხადად ვეუბნები: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენულობა. ჩვენ უნდა შევაჩეროს ეს ომი. მე ასევე მივმართე ბელარუსის არმიასა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებს: მათ აქვთ უფლება, არ მიჰყვნენ ლუკაშენკოს ბრძანებებს. მან ბელარუსი გახადა შეჭრის სრულმასშტაბიანი მონაწილე და ამით სამშობლოს უღალატა“, – აცხადებს სვეტლანა ტიხანოვსკაია

„ასე რომ, მე გამოვაცხადე, რომ ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც ბელარუსის ეროვნული ლიდერი, და შევქმნი გარდამავალ კაბინეტს. ჩემი მიზანია, დავიცვა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და წარმოვადგინო ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებსა და კრიზისული სიტუაციების გადაჭრისას რეგიონში. ჩვენი საერთო მიზანია, შევაჩეროთ ომი და ჰუმანიტარული კატასტროფა უკრაინაში, ბელარუსსა და მთელ ევროპაში“, – ამბობს ბელარუსი პოლიტიკოსი.

ხვალ, 27 თებერვალს ბელარუსში რეფერენდუმი იმართება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რითაც პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის უფლება ერთმევა. ლუკაშენკო 27 წელზე მეტია, პრეზიდენტია.

2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში სვეტლანა ტიხანოვსკაია ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყო, თუმცა ცესკოს ოფიციალური შედეგებით მხოლოდ 10% მიიღო. ლუკაშენკოს 25-წლიანი მმართველობისა და საერთაშორისო დამკვირვებლების არყოფნის ფონზე, მან ოფიციალური შედეგები არ აღიარა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

არჩევნების შემდეგ ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო, რაზეც ლუკაშენკომ ძალის გამოყენებით უპასუხა. ტიხანოვსკაია იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ემიგრაციაში ყოფნისას იგი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან შეხვედრებს მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი