ახალი ამბები

ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია ლიეტუვაში სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდნენ

7 ივნისი, 2022 • 1097
ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია ლიეტუვაში სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ და „დროას“ ლიდერები — ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია — ლიეტუვაში ვიზიტით იმყოფებიან.

ისინი ვილნიუსში შეხვდნენ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიას. ასევე, ლიეტუვის სეიმში შეხვედრები გაიმართა პარლამენტარებთან, ბელარუს დისიდენტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ლიეტუვის პარლამენტის წევრ ჟიგიმანტას პავილიონისთან, ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენელ ანატოლი ლიაბეძკასა და ლიეტუვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისთნ.

„ვისაუბრეთ დიქტატურებთან და ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლის კონკრეტულ მეთოდებზე – რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ერთად უკრაინისთვის, როგორ დავსაჯოთ ერთად კრიმინალური მოსამართლეები, როგორ დავიცვათ აქტივისტები, როგორ დავიცვათ პოლიტპატიმრები“, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გარდა ამისა, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია დაესწრო ჰონგ-კონგელ აქტივისტებთან ლიეტუვის საპარალამენტო უმრავლესობის შეხვედრას.

ელენე ხოშტარია ასევე ავრცელებს ბელარუსელი დისიდენტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართვას ნიკა გვარამიას შესახებ.

გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ლიდერი ნიკოლაი კოზლოვი, ბელარუსის სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვადიმ სარანჩუკოვი, ბელარუსის მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე დიმიტრი კუჩუკი და ტიხანოვსკაიას წარმომადგენელი კონსტიტუციური რეფორმებისა და საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხებში ანატოლ ლიაბეძკა ვიდეომიმართვაში ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებენ, სიმტკიცისკენ მოუწოდებენ და გათავისუფლებას უსურვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი