ახალი ამბები

ბელარუსის მიმართ თბილისის სიფრთხილის პოლიტიკა ჩავარდა – ტიხანოვსკაია

29 სექტემბერი, 2022 • 747
ბელარუსის მიმართ თბილისის სიფრთხილის პოლიტიკა ჩავარდა – ტიხანოვსკაია

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ სიფრთხილის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობას ბელარუსის მიმართ აქვს, ჩავარდა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ არასწორი პოლიტიკა ჰქონდა.

ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლაზე ისაუბრა.

ტიხანოვსკაიას თქმით, ბელარუსის დემოკრატიული ძალები ლუკაშენკოს ვიზიტს გმობენ. მისი თქმით, ლუკაშენკო  ვლადიმერ პუტინის  მარიონეტია და არა ბელარუსის ლიდერი.

როგორც ტიხანოვსკაია ამბობს, საქართველოს მთავრობისგან სწორი ნაბიჯი იქნებოდა, ბელარუსის დემოკრატიულ ძალებთან კავშირი დაემყარებინა, რადგან საქართველოს და ბელარუსს ერთი გამოწვევა აქვთ.

მისი თქმით, იმისათვის, რომ რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს წინ აღუდგნენ,  ახლა კარგი დროა ბელარუსის დემოკრატიულ ძალებთან სამუშაოდ.

„სიფრთხილის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ბელარუსის მიმართ აქვს, ჩავარდა. საქართველოს ჰქონდა მიდგომა, რომ თუ ლუკაშენკოს ხელს არ ახლებ, არ შექმნის პრობლემებს. ეს შეცდომა იყო. საქართველოს მთავრობამ ბელარუსის დემოკრატიულ ძალებთან უნდა იმუშაოს და ბელარუსელ ხალხთან.

ძალიან ფრთხილი არის საქართველოს მთავრობა. პარლამენტის წარმომადგენლებთან მქონდა ურთიერთობა. ვიცით, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩვენს მოძრაობას, მაგრამ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა ამისთვის მზაობა და შესაძლოა, ახლა კარგი დროა, რომ ერთ მუშტად შევიკრათ ამ ძალადობის წინააღმდეგ“, – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ[„ტვ პირველის“ თარგმანი].


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი