ახალი ამბები

თალიბანი: ორივე მხარეს მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ

25 თებერვალი, 2022 • 2729
თალიბანი: ორივე მხარეს მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ

ავღანეთის მთავრობა, რომელსაც თალიბანი ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ „ყურადღებით აკვირდება ვითარებას უკრაინაში და შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო მსხვერპლის რეალური საფრთხის გამო“.

„ავღანეთის ისლამური საამირო ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ყველა მხარემ უნდა შეიკავოს თავი ისეთი პოზიციების დაკავებისგან, რამაც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებები გაამწვავოს“, – წერია 25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

„ავღანეთის ისლამური საამირო, ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის კვალდაკვალ, მოუწოდებს კონფლიქტის ორივე მხარეს, რომ კრიზისი გადაჭრან დიალოგისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით“, – წერს თალიბანის მთავრობა, რომელმაც ძალაუფლება ხელში რამდენიმე თვის წინ, შეერთებული შტატების ძალების ქვეყნიდან გასვლის პარალელურად ჩაიგდო.

„საამირო ასევე მოუწოდებს მხარეებს, რომ ყურადღება მიაქციონ ავღანელი სტუდენტებისა და მიგრანტების სიცოცხლის დაცვას უკრაინაში“, – წერია განცხადებაში.

თალიბანის მმართველობა ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას უღიარებია ოფიციალურად. თავად ორგანიზაცია ამბობს, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ავღანეთის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს, აშრაფ ღანის, ქვეყნის მმართველად აღარ ცნობს.

ღანიმ ქვეყანა 2021 წლის 15 აგვისტოს, ავღანეთის დედაქალაქში თალიბანის შესვლის პარალელურად დატოვა და თავი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შეაფარა


რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო, რასაც, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, 137-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

25 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის ფედერაციამ კიევის დაბომბვა დაიწყო.

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი