ახალი ამბები

თალიბანმა ცხედრები ჩამოკიდა ქალაქ ჰერათის ქუჩებში — მედია

25 სექტემბერი, 2021 • 1399
თალიბანმა ცხედრები ჩამოკიდა ქალაქ ჰერათის ქუჩებში — მედია

მედიის თანახმად, თალიბანმა ავღანეთის ქალაქ ჰერათში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ადამიანების გატაცებაში ეჭვმიტანილთა ცხედრები ჩამოკიდა.

სააგენტო AP ციტირებს ადგილობრივ ოფიციალურ პირს, რომელიც ამბობს, რომ აწ უკვე მოკლულმა ოთხმა კაცმა ერთ-ერთი ბიზნესმენი და მისი ვაჟი გაიტაცა. მისი სიტყვებით, თალიბანმა გატაცებულები გაათავისუფლა, კაცები კი ორმხრივი სროლისას დაიღუპნენ.

როგორც სააგენტოს ჰერათში მოქმედი ერთ-ერთი აფთიაქის თანამშრომელმა განუცხადა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 4 ცხედარი მიიტანეს და 1 იქვე, ამწეზე ჩამოკიდეს. დანარჩენი 3 გვამი, ამავე მიზნით, ჰერათის სხვა მოედნებზე წაიღეს.

“ჩვენ მათი სხეულები ჰერათის მოედნებზე ჩამოვკიდეთ, როგორც გაფრთხილება სხვა გამტაცებელთათვის”, — ციტირებს ადგილობრივი მედია ჰერათის ვიცე-გუბერნატორს, მავლავი შაირ აჰმად ემარს.

BBC-ის ინფორმაციით, სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოებიც, რომლებზეც პიკაპის ტიპის ავტომანქანის უკანა ნაწილზე განთავსებული ოთხი დასისხლიანებული სხეული ჩანს. იქვე ჩანს ამწეც, რომელიც ერთ-ერთ კაცს ჰაერში წევს.

ტელეკომპანია ახსენებს გავრცელებულ ვიდეოსაც, რომელშიც ამწეზე ჩამოკიდებული კაცი ჩანს, მკერდზე მიკრული წარწერით: “გამტაცებლები ასე დაისჯებიან”.

1 დღით ადრე, ისლამისტური დაჯგუფების მაღალჩინოსანმა გაფრთხილება გასცა დასჯის სასტიკი ფორმების, მათ შორის, სიკვდილით დასჯისა და სხეულის ნაწილების ამპუტაციის აღდგენის შესახებ. მისი თქმით, ეს “აუცილებელია უსაფრთხოებისთვის.

ისლამისტურმა თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

ავღანეთსა და მის გარეთ ახსოვთ 90-იანი წლები, როცა თალიბანი პირველად მოექცა ავღანეთის ხელისუფლების სათავეში. მაშინ დაჯგუფება დასჯის არაერთ სასტიკ მეთოდს მიმართავდა. მათ შორის იყო ჩაქოლვა და სხეულის ნაწილების ამპუტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი