ახალი ამბები

თალიბანს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა სურს

22 სექტემბერი, 2021 • 976
თალიბანს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა სურს

ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნებული თალიბანი მიმდინარე კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვს.

BBC-ის თანახმად, ისლამისტურმა დაჯგუფებამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ელჩობის კანდიდიატად წარადგინა სუჰაილ შაჰინი, რომელიც თალიბანს კატარის დედაქალაქ დოჰაში, აშშ-სთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროს წარმოადგენდა.

გაეროს წარმომადგენლის თანახმად, მაღალი დონის დებატებში მონაწილეობის მოთხოვნას განიხილავს რწმუნებათა სიგელების კომიტეტი, რომლის ცხრა წევრს შორის არიან აშშ, ჩინეთი და რუსეთი. თუმცა, მედიის ცნობით, გენერალური ასამბლეის დასრულებამდე კომიტეტების წევრების შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა.

ამ დროისთვის, გაეროს წესების თანახმად, ორგანიზაციაში ავღანეთის ელჩად ღულამ ისაკაი რჩება: დიპლომატი, რომელიც ხსენებულ თანამდებობაზე აწ უკვე ჩამოგდებული ხელისუფლების დროს დაინიშნა. თალიბანის აზრით, ისაკაის მისია აღარ წარმოადგენს ავღანეთს.

თალიბანის მმართველობა ოფიციალურად, ჯერჯერობით, არც ერთ ქვეყანას უღიარებია. თავად დაჯგუფება ამბობს, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ავღანეთის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს, აშრაფ ღანის, ქვეყნის მმართველად აღარ ცნობს.

ღანიმ ქვეყანა 15 აგვისტოს, ავღანეთის დედაქალაქში თალიბანის შესვლის პარალელურად დატოვა და თავი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შეაფარა. BBC-ის ცნობით, ძველი მთავრობის ბოლო მინისტრმა — ვაჰიდ მაჯრუჰმა — თანამდებობა მიმდინარე კვირაში, მას შემდეგ დატოვა, რაც შეიტყო, რომ თალიბანმა ის სხვა ადამიანით ჩაანაცვლა. მაჯრუჰი ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა.

1990-იან წლებში, როცა თალიბანი პირველად მოექცა ავღანეთის ხელისუფლების სათავეში, გაეროს შესაბამისმა კომიტეტმა ქვეყნის წარმომადგენლად ისლამისტური დაჯგუფების მიერ იმ პერიოდში ჩამოგდებული მთავრობის ელჩი დატოვა. ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ორგანიზაცია ამ ჯერზე.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 2021 წლის 15 აგვისტოს დაამყარა. აღნიშნულს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი