ახალი ამბები

პირბადის გარეშე ყოფნისთვის 2020 წელს მოქმედი ჯარიმა არაკონსტიტუციურია – სასამართლო

23 თებერვალი, 2022 • 1681
პირბადის გარეშე ყოფნისთვის 2020 წელს მოქმედი ჯარიმა არაკონსტიტუციურია – სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო პანდემიის გარკვეულ პერიოდში, სამ-ნახევარი თვის განმავლობაში მოქმედი წესი, – პირბადის უტარებლობის გამო მთავრობას ჯარიმა ისე ჰქონდა დაწესებული, რომ ამას კანონი არ ითვალისწინებდა.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც ირიცხებოდნენ გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი და გიორგი თევდორაშვილი.

მომჩივანი იყო მოქალაქე გიორგი ლაშხი, რომელსაც სასამართლოში იურისტი ლევან ალაფიშვილი წარმოადგენდა.

გიორგი ლაშხი, საკონსტიტუციო სარჩელის თანახმად, სადავო დადგენილების საფუძველზე, ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული წესი, რომელიც აკრძალავდა ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნას/გადაადგილებას.

ლაშხი მიიჩნევდა, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა მისი დაჯარიმების საკანონმდებლო საფუძველი და „არ იყო უფლებამოსილი, ქმედება განესაზღვრა სამართალდარღვევად და დაეწესებინა მისთვის პასუხისმგებლობა“.

მოსარჩელის თანახმად პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მთავრობის დადგენილებით, პასუხისმგებლობის დაკისრება მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტს არ ჰქონდა განსაზღვრული ის სამართალდარღვევად, წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან, რომლის თანახმადაც- „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქის სარჩელი დაკმაყოფილდა.

„საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან  მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-5 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​11 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის“, – წერია სასამართლოს დადგენილებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი