სამართალი

სამი მოსამართლის განსხვავებული აზრი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

17 ოქტომბერი, 2023 • 1356
სამი მოსამართლის განსხვავებული აზრი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

გამოქვეყნდა სამი მოსამართლის — ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

სამი მოსამართლე მიიჩნევს, რომ მათმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე, პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი.

„ამავე დროს, კონსტიტუციით იმპიჩმენტის საფუძვლად მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევის ფაქტობრივად ფორმალურ, ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით დაკნინდა ამ პროცესში სასამართლო კონტროლის მნიშვნელობა“, — ნათქვამია მოსამართლეების განსხვავებულ აზრში.

განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები იზიარებენ, რომ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, არ ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ წარმართავს საშინაო და საგარეო პოლიტიკას და ა.შ. თუმცა მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს, რომ კონსტიტუცია სრულად გამორიცხავს საგარეო ურთიერთობების სფეროში საქართველოს პრეზიდენტის მოქმედების შესაძლებლობას და სახელმწიფოს მეთაურის სტატუსიდან გამომდინარე, არ ანიჭებს მას გარკვეულ როლსა და ფუნქციას. მათი თქმით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს.

მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი უმაღლესი თანამდებობის პირი, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია, საერთო ეროვნული პოზიცია გაახმიანოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და არსებითად არასწორია მისი როლის დაყვანა კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მექანიკურ აღმსრულებლამდე.

მათი თქმით, კონსტიტუციური დებულებით ამა თუ იმ ორგანოს სტატუსის განსაზღვრა თავისთავად არ გამორიცხავს იმავე დებულების გარკვეული უფლებამოსილების წყაროდ მიჩნევას.

მოსამართლეები მიუთითებენ, რომ კონსტიტუცია ზოგადი ხასიათის დოკუმენტია და ხშირ შემთხვევებში, არ განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონკრეტულ ინსტრუმენტებს. მაგალითად, კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მითითებული და არც 52-ე მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება ცერემონიული საქმიანობის ჩამონათვალი, თუმცა ასეთი აქტივობების განხორციელების უფლებამოსილება უშუალოდ მომდინარეობს პრეზიდენტის კონსტიტუციური მანდატიდან.

კვერენჩხილაძე, იმერლიშვილი და ტუღუში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზანი მთავრობის უფლებამოსილების საქართველოს პრეზიდენტზე დელეგირების შესაძლებლობის დადგენით ამოიწურება. ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ვიზიტის განხორციელებით საქართველოს კონსტიტუცია შეიძლება დაარღვიოს იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, სცდება მის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ ფუნქციებს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციასთან შესაბამისობის მსჯელობის წარმართვისას საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა არა მხოლოდ ფორმალურად თანხმობის არარსებობა-არსებობის ფაქტი, არამედ, თავად ვიზიტის შინაარსიდან გამომდინარე უნდა შეეფასებინა, სადავოდ მიჩნეული ქმედებებით საქართველოს პრეზიდენტი ხომ არ გასცდა სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ როლს ან ხომ არ დაარღვია კონსტიტუციის 54-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება“, — ნათქვამია განსხვავებულ აზრში.

ისინი არაგონივრულად მიიჩნევენ, სახელმწიფოს მეთაურს მთავრობის ფორმალური თანხმობა მოეთხოვოს საერთო ეროვნული გზავნილების, მისწრაფებების წარსადგენად საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რაც აზრს დაუკარგავს პრეზიდენტის, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი სახელმწიფოს მეთაურის ქმედებას.

საქართველოს პრეზიდენტის სადავო ვიზიტების კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ კოლეგები არსებითად სწორად განმარტავენ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განაწილების ბალანსს, როდესაც მიუთითებენ სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ როლზე, ხოლო მთავრობას მოიაზრებენ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განმსაზღვრელი და განმახორციელებელი ფუნქციით აღჭურვილ ორგანოდ. ასევე იზიარებენ მსჯელობას, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის გარეთ განხორციელებული ქმედებებით შესაძლოა, დააზიანოს  მთავრობის საგარეო პოლიტიკა. თუმცა თვლიან, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ არის რამე მტკიცებულება პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის შესახებ.

„ჩვენი კოლეგების მიერ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის მიცემა, ფაქტობრივად, იმ მოტივით ხდება, რომ მან შეიძლება მომავალში მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას შეუშალოს ხელი. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს უქმნის პოლიტიკურ ხედვებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევის მოტივით შესაძლოა, გადაყენებულ იქნას დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან „არ ენდობიან“ მას. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არ ითვალისწინებს ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვის გამო“, — ნათქვამია მოსაზრებაში.

განსხვავებული აზრის ავტორები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სამ სადავო შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დგინდება. ისინი აღნიშნავენ, იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო თანხმობას გასცემს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზე, შესაბამისად, მან უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი. ამ ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციის არასწორი გაგებად აფასებენ კოლეგების პოზიციას, რომლის თანახმადაც, „საკონსტიტუციო სასამართლოს როლი არ არის იმის შეფასება, იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურების შემთხვევაში, იმსახურებს თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირი“, რასაც პარლამენტი გადაწყვეტს.

იმ დაშვების პირობებშიც კი, რომ პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე არ ჰქონდა სადავო ვიზიტების განხორციელების უფლებამოსილება, სამი მოსამართლე მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი არ არსებობს.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტი ფორმალურად კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, არ იკვეთება, რომ მისმა ქმედებებმა დააზიანა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა ან კონსტიტუციის უხეში დარღვევით საფრთხე შეუქმნა ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული რეაგირებით სრულყოფილად აღმოიფხვრებოდა ის საფრთხეები, რომელიც პრეზიდენტის ქმედებას შეეძლო გამოეწვია. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მოჰყვება რიგი კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ინტერესების ხელყოფა. შესაბამისად, ხსენებული ღონისძიება კონსტიტუციური წესრიგის დაცვის აუცილებლობით უნდა იყოს ნაკარნახევი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება იწვევს პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციური ინტერესის იმაზე მეტად ხელყოფას, ვიდრე ამას წარდგინების ავტორების მიერ მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია“, — ნათქვამია განსხვავებულ აზრში.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში 16 ოქტომბერს გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა, სამმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმა მისცა მის მიერვე დანიშნულმა მოსამართლემ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი