ახალი ამბები

მამულაშვილმა პუტინის წერილზე ხელმომწერს ხურდები ესროლა, როგორც 30 ვერცხლი

22 თებერვალი, 2022 •
მამულაშვილმა პუტინის წერილზე ხელმომწერს ხურდები ესროლა, როგორც 30 ვერცხლი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში სტუმრობისას ვლადიმერ პუტინის წერილზე ხელმომწერს როგორც 30 ვერცხლი, ხურდები ესროლა.

საპასუხოდ, კი მამულაშვილს ჭიქა ესროლეს. მამულაშვილს ჭიქა „ვეტერანთა ლეგიონის“ წარმომადგენელმა მალხაზ თოფურიამ ესროლა.

მალხაზ თოფურია ვლადიმერ პუტინისთვის მიწერილი წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია. საუბარია საქართველოში მოქმედი პრორუსული საგარეო ორიენტაციის მქონე ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ძალების ნაწილის ერთობლივ ღია წერილზე, რომლითაც მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და სურვილს გამოთქვამენ, რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

ნონა მამულაშვილის თქმით, ვინც რუსეთზე ისეთი ტონალობით საუბრობს, როგორც აღნიშნულ წერილზე ხელმომწერები, მისთვის საქართველოს მოქალაქე არ იქნება. მამულაშვილის თქმით, ქვეყანას, რომელმაც საქართველოს მოსახლეობა დახოცა და ამას დღესაც აგრძელებს, მონურად არ უნდა ელაპარაკო.

მამულაშვილის თქმით, მონობაა, რასაც წერილზე ხელმომწერები აკეთებენ. პასუხად მალხაზ თოფურიამ მამულაშვილს უთხრა, რომ ის „პროვოკატორია“, მამულაშვილმა კი თოფურიას ხურდები შეაყარა და უთხრა, რომ „ეს არის 30 ვერცხლი“, რის შემდეგაც მალხაზ თოფურიამ ჭიქა ესროლა.


საქართველოში მოქმედი პრორუსული საგარეო ორიენტაციის მქონე ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ძალების ნაწილი ერთობლივ ღია წერილს აქვეყნებს, რომლითაც  მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამენ.

წერილს ხელს აწერენ „პატრიოტთა ალიანსი“, “ქართული მარში” და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები

წერილის მთავარი თეზისები ემთხვევა მოსკოვის გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ ხედვებსა და მიზნებს საქართველოსა და რეგიონში. ესენია:

  • საქართველო და უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ქვეყნები უნდა იყვნენ;
  • „საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა“ და „აშშ-ის პოზიცია საქართველოს ხელისუფლების საშინაო დავალებაა“;
  • ნატოს წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის „პირდაპირი გამოწვევაა“;
  • საქართველოს მოსახლეობას არ სურს ნატოში გაწევრიანება;
  • „საქართველო რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ გაუმკლავდება რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი