„ნაციონალური მოძრაობის“ და პარლამენტის ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მისი ძმის, უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელის მამუკა მამულაშვილის შესახებ.
ღარიბაშვილმა მამუკა მამულაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა და ფრონტიდან პოლიტიკური განცხადებებისთვის გააკრიტიკა.
„მინდა გამოვეხმაური ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს „საცოდავები” უწოდა და ოპოზიციასთან დააკავშირა, დღეს უკვე ჩემი ძმა, „ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი, ჩემი გავლით, დააკავშირა „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველა ნორმალური ადამიანისთვის ყოველგვარი ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუმცა მაინც მინდა ვთქვა, რომ „ქართული ლეგიონი” არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში. მანამდე, საქართველოს იცავდნენ ყველა რუსული შემოტევის დროს. ხაზგასმით ვამბობ, ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც სხვა რომელიმე პარტიასთან. ის არის პატრიოტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის“, — წერს ნონა მამულაშვილი Facebook-ზე.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, ნონა მამულაშვილის შეფასებით, ის ქვეყნის, ხალხის და ისტორიის სირცხვილია, რის კომპენსირებასაც სწორედ მამუკა მამულაშვილი და „მისი მსგავსი ათასობით ღირსეული ქართველი ახერხებს უკრაინაში“.
რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა?
პრემიერმა ღარიბაშვილმა ბახმუტთან 3 დეკემბერს დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს 5 დეკემბერს, საზოგადოების კრიტიკის შემდეგ მიუსამძიმრა. ამავდროულად მან განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები „ომის პარტიას” მიჰყავს.
დღეს, 7 დეკემბერს, ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა და თქვა, რომ არ უგულისხმია, თითქოს ყველა, ვინც უკრაინაში იბრძვის, „ომის პარტიის“ ორგანიზებითაა ქვეყნიდან საბრძოლველად გაყვანილი.
ღარიბაშვილის თქმით, უნდა გაიმიჯნოს, ვინც საკუთარი გულწრფელი სურვილითაა უკრაინაში წასული და ის ადამიანები, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი წევრები არიან და ფრონტიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ასეთად ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი დაასახელა.
„არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ყველა მათგანი წაყვანილია „ნაცმოძრაობის“ მიერ. უნდა გაიმიჯნოს. არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არიან, დიახაც, სააკაშვილის ომის პარტიის მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ზოგიერთი მათგანი დღესაც პარტიის მოქმედი წევრია… მამულაშვილი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის წევრი“… მისი და იყო ნაცმოძრაობიდან პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებზე. მე მინდა მივმართო მას, მამულაშვილს და მისნაირ ანგაჟირებულებს, მე ასე მესმის, თუ ადამიანი ომობ, ღმერთმა მოგცეს საშუალება და იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი, რა არის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.