ახალი ამბები

მამულაშვილს სურს, ენმ-ის არჩევნებს დაემატოს კითხვა პარლამენტის დატოვების შესახებ

20 იანვარი, 2023 •
მამულაშვილს სურს, ენმ-ის არჩევნებს დაემატოს კითხვა პარლამენტის დატოვების შესახებ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნონა მამულაშვილი გამოდის ინიციატივით, თვის ბოლოს ჩანიშნულ არჩევნებში, თავმჯდომარის არჩევნების გარდა, დაემატოს კთხვა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ საკანონმდებლო ორგანოს დატოვების თაობაზე.

მამულაშვილის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობამ „ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და, რაც მთავარია, ხალხის ნებას“.

„დღეს მოგმართავთ მთელ პარტიას, რომ 28-30 იანვარს გასამართ არჩევნებს დაემატოს კითხვა: უნდა დატოვოს თუ არა პარლამენტი ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციამ?“, – წერს მამულაშვილი.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციის ნაწილმა გაყალბებულად მიიჩნია და პროტესტის ნიშნად უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობის“ სიით არჩეული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი პარლამენტში მაინც შევიდა, თუმცა მოგვიანებით ზოგიერთმა მათგანმა, მათ შორის მამულაშვილმა, პარლამენტი დატოვა.

არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

არჩევნები 28-30 იანვრისთვისაა ჩანიშნული, ისინი „ბლოკჩეინ“ სისტემით ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი