ახალი ამბები

მედიის წინააღმდეგ 28 სარჩელი შევიდა სასამართლოში, მიზანი ჟურნალისტების დაშინებაა – TI

2 დეკემბერი, 2022 • 756
მედიის წინააღმდეგ 28 სარჩელი შევიდა სასამართლოში, მიზანი ჟურნალისტების დაშინებაა – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ეხმაურება ტელეკომპანია “პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ საქართველოში მედიის წინააღმდეგ ცილისწამებაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საშიშ ტენდენციად ჩამოყალიბდა.

ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე “აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს”, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვას და დაშინებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 2 დეკემბერს გააკეთა.

საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელს, რომლის საფუძველზეც სასამართლომ ტელეკომპანიასა და ჟურნალისტს ჯარიმის სახით 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. თბილისის მერი მაია მამულაშვილს უჩიოდა პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო, რომლის თანახმადაც, “კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო”.

კალაძის ადვოკატის თანახმად, თბილისის მერის მოთხოვნა იყო “ამ ყალბი და სიმართლესთან შეუსაბამო ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 100 ათასი ლარის ოდენობით”.

“ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის – „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან. დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად. სამწუხაროა, სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაც, მაგალითად, კანონმდებლობით დადგენილი ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე გადადის.

ამ ტენდენციის გაგრძელებაა ჯარიმის თანხის, 15 ათასი ლარის დაკისრება, რომლის გადახდაც სასამართლომ სოლიდარულად „ტვ პირველთან“ ერთად ჟურნალისტ მაია მამულაშვილსაც დაავალდებულა. კანონით, მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხე მედიის მესაკუთრეა. ეს ბოლო ორ დღეში სასამართლოს მიერ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიღებული მეორე გადაწყვეტილებაა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი უჩიოდა.

აღსანიშნავია, რომ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის ამგვარი ტალღა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკვე საერთაშორისოდ აღიარებული უკუსვლის ფონზე მიმდინარეობს, სრულიად ესადაგება კლეპტოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ნიშანს, როცა კორუფციულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტების გაჩუმებას მათ წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელების შეტანით ცდილობენ”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მმართველ პარტიას კრიტიკული მედიის დაცვის და მისი თავისუფალი საქმიანობის უზრუნველყოფისკენ, ასევე “მედიის შესავიწროებლად საკუთარი გავლენების გამოყენების შეწყვეტისკენ” მოუწოდებს. ორგანიზაციის განცხადებით, არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს დემოკრატიულ განვითარებას და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აზიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი