ახალი ამბები

IOC-ის პრეზიდენტი ვალიევას მწვრთნელს აკრიტიკებს

18 თებერვალი, 2022 • 19925
IOC-ის პრეზიდენტი ვალიევას მწვრთნელს აკრიტიკებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი ახალგაზრდა რუსი მოციგურავის, კამილა ვალიევას მწვრთნელს აკრიტიკებს.

როგორც ბახი BBC-თან აცხადებს, ეთერ თუთბერიძის დამოკიდებულება ატირებული სპორტსმენის მიმართ ჟრუანტელის მომგვრელია:

„ჟრუანტელის მომგვრელი იყო იმის ნახვა როგორ ცივად ექცეოდა რუსი მწვრთნელი მოციგურავეს მას შემდეგ, რაც პეკინის ოლიმპიადაზე შეცდომები დაუშვა. როცა ვნახე, როგორ ექცეოდა ვალიევას მისი უახლესი გარემოცვა, ეს წარმოუდგენლად ცივად მომეჩვენა. გავოცდი, რომ დავინახე როგორ მოექცნენ მხარდაჭერის და დახმარების ნაცვლად”, – აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი.

15 წლის კამილა ვალიევა, რომელმაც პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა, BBC-ს თქმით, უდავო ფავორიტი იყო, სანამ მის გარშემო დოპინგ სკანდალი ატყდებოდა. ზრდასრულთა შეჯიბრებებზე ასპარეზობა ვალიევამ ოქტომბერში დაიწყო და ამ მოკლე დროში არაერთი მსოფლიო რეკორდის დამყარება შეძლო.

თუმცა, მიუხედავად დოპინგზე ეჭვისა, ვალიევას მაინც მისცეს ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება.

მოკლე პროგრამაში დამაჯერებელი გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, თუმცა ვალიევამ პირველივე ნახტომზე შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი რამდენიმეჯერ ყინულზეც დაეცა.

კამილა ვალიევა

BBC აღნიშნავს, რომ ნაცვლად სპორტსმენის გამხნევებისა, გამოსვლის დასრულების შემდეგ მისი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე სპორტსმენს, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა, ეკითხებოდა, თუ „რატომ შეწყვიტა ბრძოლა?“.

თუთბერიძე, რომლის მომზადების მეთოდებიც განხილვის საგანია, ვალიევას უმეორებდა – „რატომ დანებდი? ამიხსენი, ეს რატომ გააკეთე?“.

ბახის კომენტარს გამოეხმაურნენ რუსეთშიც. ვიცე-პრემიერმა დმიტრი ჩერნუშენკომ განაცხადა, რომ „იმედგაცრუებულნი არიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ წარმოსახვითი ნარატივის შექმნით ათლეტის გრძნობებზე და ამის გასაჯაროებით“:

„ეს არაკორექტული და არასწორია. გაიმარჯვებენ თუ დამარცხდებიან, ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო დონის ათლეტები გვყავს და ეს მათაც იციან” ,- თქვა რუსეთის ფედერაციის ვიცე- პრემიერმა.

გუშინდელ დაჯილდოების ცერემონიაზე კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. პირველი და მეორე ადგილები ქალთა ფიგურულ სრიალში ასევე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე გოგონებმა დაიკავეს. ორივე მათგანი 17 წლისაა და ვალიევას მსგავსად, ეთერ თუთბერიძის მოწაფეები არიან.

მეორე ადგილზე გასული ალექსანდრა ტრუსოვა პოდიუმზე არ გადიოდა, სპორტსმენი აცხადებდა, რომ ყინულზე აღარასოდეს გავიდოდა და ეს სპორტი სძულდა:

„მძულს ეს სპორტი, ყველაფერი მძულს. არ გავალ დაჯილდოების ცერემონიაზე.. არ მინდა გასვლა“, – ამბობდა ახალგაზრდა მოციგურავე. მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე ტრუსოვას ჰკითხეს ინციდენტის შესახებ. მისი თქმით, ემოციები ალაპარაკებდა და მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მომხდარის შემდეგ თუთბერიძის მეთოდების შესახებ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა. BBC წერს, რომ ის არაერთი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის მწვრთნელი იყო, თუმცა ყველა გოგონამ კარიერა ადრეულ ასაკში დაასრულა.

IOC-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ სპორტსმენების გარემოცვის გასაკონტროლებლად:

„ჩვენ არ ვართ პოლიცია, არ შეგვიძლია ფორმალური პროცედურები გავატაროთ, ჩვენი სანქციები კი ლიმიტირებულია“, – ამბობს ბახი და აღნიშნავს, რომ წნეხი, რომელიც კამილა ვალიევას აწევს, მის წარმოსახვას სცდება.

„ცოტა რამ გამეგება წნეხზე ჩემი სპორტული კარიერიდან, მაგრამ ეს ჩემს წარმოსახვას სცდება”, – აღნიშნავს საერთაშორისო ოლიმპური კომიტეტის პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი