ახალი ამბები

დოპინგზე ეჭვის გამო რუსი მოციგურავეების დაჯილდოება გადაიდო – მედია

9 თებერვალი, 2022 • 1168
დოპინგზე ეჭვის გამო რუსი მოციგურავეების დაჯილდოება გადაიდო – მედია

დოპინგზე ეჭვის გამო რუსი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე გადაიდო. როგორც insidethegames.biz წერს, საუბარია რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე ფიგურულ მოციგურავეებზე, რომლებმაც გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვეს და ოქროს მედლებით უნდა დაჯილდოებულიყვნენ.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც დაუდასტურა. ცერემონია გუშინ, 9 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა, ოლიმპიური კომიტეტის თქმით, „სამართლებრივი“ პრობლემების გამო გადაიდო. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საუბარია დოპინგ ტესტირებაზე, რომელიც სპორტსმენებს ოლიმპიადის წინ ჩაუტარდათ.

როგორც რუსული მედიასაშუალება Ria წერს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე კრემლი კომენტარს არ გააკეთებს და ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ განცხადებას დაელოდებიან.

ორშაბათს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე მოციგურავეებმა გუნდურ ჩათვლაში პეკინის ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავეს 74 ქულით, მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი გავიდა 65 ქულით, მესამე ადგილი კი იაპონიამ დაიკავა 63 ქულით.

რუსი სპორტსმენები პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით ასპარეზობენ. აღნიშნული სანქცია ქვეყანას წარსულშიც დოპინგ სკანდალის გამო დაეკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი